შტაინმაიერი - "საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შანსს"
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 30 სექტემბერს ბერლინში მიიღო ქართველი კოლეგა, სალომე ზურაბიშვილი. ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის პროევროპულ პოზიციას და აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხების გამო.
“ფედერალურმა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საუბარში მან მადლობა გადაუხადა მას გამოკვეთილი პროევროპული პოზიციისთვის. ამასთან, მან სინანული გამოთქვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო” - წერს შტაინმაიერი ფეისბუკის გვერდზე.
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, [საქართველოს] მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას.
გერმანიის პრეზიდენტი ტექსტში ასევე აკრიტიკებს კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და აცხადებს, რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
“2024 წლის გაზაფხულზე მთავრობამ რამდენიმე კანონი მიიღო, რაც ართულებს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აიძულებს უცხოური ინტერესების გამტარებად რეგისტრაციას”.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. მასში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლეგას ესაუბრა “ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის”.