სლოვაკეთში ფიცოს პარტია მხარდაჭერას კარგავს - კვლევა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, სლოვაკეთის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიცია, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავდა.

ამას მოწმობს NMS Market Research Slovakia-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ფიცოს პარტია Smer-SD-ის რეიტინგი ახლა 18.4%-ია, ხოლო პირველ ადგილზე ოპოზიციური პროგრესული სლოვაკეთია - 23.9%.

კოალიციის მეორე პოლიტიკური ძალა, მოქმედი პრეზიდენტის პეტრ პელეგრინის პარტია ხმა მესამე ადგილზეა - 11.5%, ხოლო კოალიციის უმცროსი პარტნიორი, ულტრამემარჯვენე სლოვაკეთის ნაციონალური პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს - 2.1%.

NMS-ის გამოკითხვაში თითქმის 9%-იანი მხარდაჭერა აქვს ულტრამემარჯვენე პარტია რესპუბლიკას, მაგრამ მასთან ერთად ფიცოსა და პელეგრინის პარტიებს უმრავლესობა არ აქვთ - მხოლოდ 71 მანდატი 150-დან.

მაგრამ ოპოზიციური პარტიები, რომელშიც ყველაზე დიდი პარტია პროგრესული სლოვაკეთია 79 მანდატით, უმრავლესობის შექმნას მხოლოდ იგორ მატოვიჩის პოპულისტურ მოძრაობასთან ალიანსით შეძლებენ.

კონტექსტი

რობერტ ფიცომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი კოალიცია "ჯოჯოხეთში მიდის" და შიდა შეთანხმების გარეშე, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალი იქნება.

13 იანვარს, სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა მარტში მკაცრი ბოლო ვადა დაუწესა თავის კოალიციურ პარტნიორებს, რათა არსებული ჩიხიდან გამოვიდნენ და შიდა პრობლემები მოაგვარონ. 

"თუ სლოვაკეთის ნაციონალური პარტია და პარტია ხმა ვერ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას... ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება," - აღნიშნა მან.

სლოვაკეთში კოალიციური კრიზისი სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის სამი დეპუტატის ფრაქციიდან შიდა უთანხმოების გამო გასვლამ გამოიწვია. შედეგად, ფიცოს მთავრობა პარლამენტში მყიფე უმრავლესობით ფუნქციონირებს (150 დეპუტატიდან 76 ხმა) და კანონების მიღება უჭირს. ნოემბერში ფიცომ აღიარა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება გარდაუვალი გახდეს.

მოგვიანებით, კოალიციის წევრი პარტია ხმა ოთხმა დეპუტატმა დატოვა ფიცოს მთავრობის რუსეთთან კავშირების გამო. 2024 წლის 22 დეკემბერს ფიცო მოსკოვს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ოპოზიციური პარტია პროგრესული სლოვაკეთის ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ განაცხადა, რომ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში იყო მანევრი კოალიციაში საკუთარი პრობლემების დასაფარად.

"რატომ გახდა გაზი ასეთი აქტუალური, რატომ მიფრინავს პრემიერ-მინისტრი მოსკოვში? იმისთვის, რომ დამალოს საკუთარი პრობლემები - მაღალი ფასები, კოალიციის არასტაბილურობა იმიტომ, რომ არაფერზე არ არის შეთანხმებული, გაზის არც ერთ კუბურ მეტრზე," - თქვა შიმეჩკამ.

მსგავსი სიახლეები