СNN: აშშ უკრაინას ტაქტიკის შეცვლას და ბახმუტიდან სამხრეთზე გადართვას ურჩევს

ამერიკელმა მაღალჩინოსნება უკრაინელ კოლეგებს ბრძოლის ტაქტიკის შეცვლა და ფოკუსის ბახმუტიდან სამხრეთის მიმართულებით გადატანა ურჩიეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს

ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ბახმუტიდან უკრაინა სამხრეთის მიმართულებით დიდი კონტრიერიშის მზადებაზე უნდა გადაერთოს. 

გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები უკრაინას მოუწოდებენ შეცვალონ ბრძოლის ტაქტიკა, რაც მათ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის საშუელებას მისცემს. 

"ეს არის სასტიკი და დამქანცველი ბრძოლა, რომელშიც მხარეებმა 100-დან 400 მეტრის ტერიტორიებს ცვლიან"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

გავრცელებული მოწოდებების მიუხედავად პრეზიდენტ ზელენსკის მიაჩნია, რომ ბახმუტი მნიშვნელოვანი წერტილია და მისმა დაკარგვამ რუსეთს შესაძლოა სერიოზული უპირატესობა მისცეს და დონეცკის მთლიანი ოლქის ოკუპირება გაუადვილოს. გარდა ამისა, 6-თვიანი უსასტიკესი ბრძოლების შემდეგ ბახმუტი უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახალი იერიშის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შემდეგ. ლოიდ ოსტინის თქმით, კოალიციური დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას იერიშის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა იერიში გაზაფხულამდე ნაკლებად მოსალოდნელია.

ხოლო დარჩენილი პერიოდი ოსტინის თქმით, წარმოადგენს შესაძლებლობების ფანჯარას დასავლეთისთვის რათა უკრაინას უფრო მეტი მძიმე შეიარაღება და მათ შორის ტანკები გადასცენ. 

ამ თემას შეეხო აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილიც - მისი თქმით, დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე წარმატებული იერიშების შესაძლებლობას მისცემს. 

ამავდროულად, მილის თქმით, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება მიმდინარე წელსვე გაათავისუფლოს უკლებლივ ყველა ოკუპირებული ტერიტორია - "ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვერ ან არ მოხდება, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება."

მსგავსი სიახლეები