სომხეთი და შეერთებული შტატები სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
სომხეთის გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა შტუტგარტში აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინა მოინახულა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს, 6 ნოემბერს განაცხადა.
3 ნოემბერს, შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა ასრიანმა EUCOM-ის მეთაურის მოადგილესთან, სტივენ ბაშამთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოებისა და სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ასევე აშშ-ის დახმარება სომხეთის შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გატარებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სტივენ ბაშამმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მხარდაჭერა, ასევე დაიწყოს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო განათლება, სამხედრო მედიცინა, სამშვიდობო და საბრძოლო წვრთნა.
EUCOM-ის შტაბ-ბინის გარდა, ედვარდ ასრიანმა მოინახულა აშშ-ის არმიის ევროპის ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო ცენტრი და სერჟანტთა აკადემია, რომელიც ჰოჰენფელსში მდებარეობს.