ტაივანში ამერიკელი გუბერნატორი ჩავიდა
22 აგვისტოს ტაივანს ინდიანას შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი ერიკ ჰოლკომბი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, ამერიკელი გუბერნატორი კუნძულის პრეზიდენტს ცაი ინგ-ვენს შეხვდა.
ჰოლკომბმა განაცხადა, რომ ტაივანთან ნახევარგამტარების წარმოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.
ტაივანზე მაღალტექნოლოგიური ჩიპების წარმოების 92 პროცენტი მოდის.
აშშ და ტაივანი ერთად უნდა დადგნენ, როგორც „დემოკრატიული მოკავშირეები“, - განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა ამერიკელ გუბერნატორთან შეხვედრისას.
ჰოლკომბის ვიზიტი კუნძულზე ამერიკელი მაღალჩინოსნების ტურნეს მოსდევს. ცოტა ხნის წინ ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა, რასაც მასაჩუსეტსის სენატორის, ედ მარკის ვიზიტი მოჰყვა.