თალიბანი: აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერის მოკვლას გამოვიძიებთ
ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერ აიმან აზ-ზავაჰირის ლიკვიდაციის „გამოძიებას“ აპირებენ.
1 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ქაბულში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ალ-კაიდას მეთაური ლიკვიდირებულია.
აშშ-ს სადაზვერვო უწყების თანახმად, ზავაჰირი სირაჯუდინ ჰაკანის კონსპირაციულ ბინაზე იმყოფებოდა.
ჰაკანის ქსელის გავლენიანი ფიგურა თალიბანის „მთავრობაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.
ვაშინგტონი თალიბანს დოჰაში დადებული შეთანხმების დარღვევაში სდებს ბრალს, რომლის ძალითაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ-კაიდასთან და სხვა დაჯგუფებებთან კავშირის გაწყვეტის პირობა დადო.
ტერორისტული დაჯგუფება ავღანეთს გასული წლის აგვისტოს შემდეგ მართავს, როცა ქვეყანა აშშ-ს მეთაურობით საერთაშორისო სამხედრო მისიამ დატოვა.