ტაქტიკური წინსვლა, ფრონტის გარღვევის გარეშე - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 5

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინის შეაიარაღებულმა ძალებმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამურად 90 კმ² გაათავისუფლა.

უკრაინის არმიის წინსვლა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 8-9 კილომეტრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა - ესენია: ბლაჰოდატნოე, ნესკუჩნოე, სტაროჟოვოე, ნოვადარივკა, ნოვადანილოვკა, ვესელე, მაკარივკა. 

აქედან მხოლოდ ერთი მაკარივკა გათავისუფლდა ბოლო 24 საათში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რომელიმე მონაკვეთზე ფრონტის გარღვევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 

სავარაუდოა, რომ ბოლო დღეებში უკრაინის არმიის წინვლის შენელება ზაპორიჟიის ოლქში და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გახშირებულ წვიმებს უკავშირდება. პროგნოზის მიხედვით წვიმები საომარი მოქმედებების ზონაში 15 ივნისამდე გაგრძელდება. 

გასული ღამით მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. კრივოი როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რუსეთის მიერ გამოშვებული რაკეტას 10 მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა, დაჭრილია 26.

12 ივნისის ღამით ცნობილი გახდა, რომ ЗСУ-სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, სერგეი გორიაჩევი. Z-ბლოგერების ცნობით, გორიაჩევი ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ფრონტის იმ მონაკვეთზე მოკლეს, სადაც უკრაინის არმიას ყველაზე დიდი წინსვლა აქვს. 

ცოტა ხნის გაიმართა ვლადიმირ პუტინის მეორე შეხვედრა Z-ბლოგერებთან და ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან. პუტინის თქმით, "რუსეთის მიზნები უკრაინაში უცვლელია და ეს ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს."

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში დანაკარგები 1:10-ზეა რუსეთის სასარგებლოდ. პუტინის განცხადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი წყაროების მონაცემები - ORYX-ს მონაცემებით ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები თანაზომადია.

ვლადიმირ პუტინის თქმით, გასული წლის ზამთრიდან მოყოლებული რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამსახურზე აიყვანა 150 ათასამდე ჯარისკაცი და შესაბამისად მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. 

უკრაინის მიმდინარე კონტრიერიშს პირველად გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც - "ბრძოლები სასტიკია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები არის ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვჭირდება."

დეტალები 

 

Wall Street Journal ესაუბრა უკრაინის ცალკეული 68-ე ბრიგადის მებრძოლებს, რომლებმაც სოფელი ბლაჰოდატნოე გაათავისუფლეს. ქვედანაყოფის მეთაურის თქმით, ოპერაციაში ჯამურად 30 მებრძოლი მონაწილეობდა, ხოლო სოფელში კი 100-ზე მეტი ოკუპანტი იყო გამაგრებული. 

მეთაურის თქმით, ოპერაციის ფარგლებში მისი ქვედანაყოფის 4 მებრძოლი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. უკრაინელი მებრძოლების თქმით, ტყვედ აყვანილია 10 ოკუპანტი. ტყვედ ჩავარდნილი რუსების ამბობენ, რომ რუსეთის არმიაში საბრძოლო სულისკვეთების პრობლემები და უკრაინული არმიის შიში ჭარბობს. 

Voice Of America-ს ცნობით, 13 ივნისს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. წყაროს ცნობით, 325 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტში ძირითადად Bradley-ის და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანები შევა. 

-"პაკეტის მიზანია დაუყოვნებლივ ჩავანაცვლოთ კონტრიერიშის ფარგლებში დაზიანებული ტექნიკა",- ამბობს წყარო გამოცემასთან საუბარში. 

გარდა ამისა, დახმარების პაკეტში შევა NASAMS-ისა და HIMARS-ის რაკეტები. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე უკრაინა ABRAMS-ის ტიპის ტანკებთან ერთად, გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ სატანკო ჭურვებსაც მიიღებს. ამ გადაწყვეტილებაზე ბაიდენის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ. 

რა ხდება 

 

ზაპორიჟიის ფრონტი - ამ მონაკვეთზე ბრძოლები გაგრძელდა დასახლება პიტიხატკის შემოგარენში, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა უამინდობის გამო ძირითადად, საარტილერიო დუელებით შემოიფარგლებოდა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში Z-ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ მაკარივკის დასაბრუნებლად კონტრშეტევები წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო საათებში ერთ-ერთმა მათგანმა სიმიონ პეგოვმა (WarGonzo) აღიარა, რომ დასახლება ЗСУ-ს კონტროლქვეშაა. 

უკრაინის აქტიური შეტევები გაგრძელდა ზაპორიჟიის და დონეცკის ოლქის საზღვრის გაყოლებაზე, მათ შორის ვუჰლედარის მიმართულებით. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დასახლებებთან სტარომაიორსკი და ურაჟაინოე, რომელიც ამ მონაკვეთზე ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებებია. 

უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტებმა ЗСУ-ს წინსვლის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი რეზერვები გადაისროლეს. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი მიზანი შესაძლოა დასახლება სტარომლინოვკას დაკავება იყოს - სწორედ აქ მდებარეობს მთავარი სატრანსპორტო კვანძი, რაც ЗСУ-ს მოქმედების ოპერაციულ სივრცეს გაუხსნიდა. 

აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს რობოტინე-ვერბოვესა და ლობკოვეს ხაზზეც. 

დონეცკის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტები კიდევ ერთხელ შეეცადნენ მარინკის შტურმს, თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით, დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. შეტევის წარუმატებლობას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც. 

გაგრძელდა რუსეთის ლოკალური კონტრშეტევები ავდიივკასთან, უფრო ზუსტად კი დასახლება ვესელეს მისადგომებში, თუმცა ფრონტის ხაზი ამ მონაკვეთზე გასული 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა. 

ბახმუტის ფრონტი - კონტრშეტევების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ ოკუპანტებს ბახმუტის შემოგარენში, კონკრეტულად კი ბერხივკის წყალსაცავის მიდამოებში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა წინ წაიწიეს დასახლება კლიშიივკას მიმართულებით და გავრცელებული ცნობებით, უკვე დაბის შესასვლელში იმყოფებიან. 

კონტექსტი

 

გუშინ, 12 ივნისს, გერმანული გამოცემა Die Welt სამხედრო ექსპერტ ნიკო ლანგეზე დაყრდნობით წერდა, რომ ზაპორიჟიის ფრონტის გასამაგრებლად რუსეთმა არსებული რეზერვების 90% გადაისროლა. ამასთანავე სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკრაინამ ჯერჯერობით ბრძოლებში მის ხელთ არსებული რეზერვების მხოლოდ 25% ჩართო. 

ცოტა ხანში გავრცელდა დამოუკიდებელი საგამოძიებო რუსულენოვანი პლატფორმის Вёрстка-ს მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს ზურგში მყოფი ცოცხალი შემადგენლობის სწრაფი გადასროლა დაიწყო ზაპორიჟიის მიმართულებით. 

გამოცემასთან საუბარში მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათი თანამებრძოლები ძირითადად ტოკმაკი-ორეხოვის ხაზზე გადაჰყავთ - სწორედ აქ უტევდა უკრაინის არმია ყველაზე დიდი ძალებით. 

აღსანიშნავია, რომ გერმანელი სამხედრო ექსპერტის შეფასებას ეთანხმება დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვიც - ის რუსეთისთვის დადებითად აფასებს კონტრიერიშის პირველ დღეებს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ბრძოლებში ЗСУ-ს რეზერვების მხოლოდ მესამედია ჩართული. 

დასავლელი სამხედრო ექსპერტების უმეტესობა მიუთითებს, რომ უკრაინას ჯერჯერობით არ გამოუყენებია იერიშისთვის მომზადებული დანაყოფების ძირითადი ბირთვი და რომ იერიში ჯერ კიდევ ნიადაგის მოსინჯვის ფაზაშია.

მსგავსი სიახლეები