The Guardian: რუსეთმა უკრაინის ომისთვის ერაყიდან იარაღი კონტრაბანდულად გამოიტანა
რუსეთი უკრაინაში ომისთვის, ირანული იარაღის კონტრაბანდის ქსელების დახმარებით, ერაყიდან იღებს საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ირანმა რუსეთს ადგილობრივი წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა, ასევე დაუბრუნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300, რომელიც თეირანმა წარსულში რუსეთისგან იყიდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ 26 მარტს სახალხო მობილიზაციის ძალების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ერაყიდან ირანში ყუმბარმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადაიტანა. ირანელმა სამხედროებმა ტვირთი რუსეთში ზღვით გაგზავნეს. 1 აპრილს სახალხო მობილიზაციის ძალებმა ირანში გადაიტანეს ბრაზილიური წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Astros II.
The Guardian-ის ცნობით, კასპიის ზღვა სამმა სატვირთო გემმა გადაკვეთა ირანის ქალაქ ბანდარ ანზელიდან რუსეთის ასტრახანამდე.