ტოკაევის თქმით, ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს გაზრდის
ყაზახეთისთვის მთავარი პრიორიტეტი ნავთობის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციაა და ქვეყანა გაზრდის ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით.
ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა გლობალურ ბაზრებზე ყაზახური ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია",- თქვა ტოკაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელს უკვე აზერბაიჯანის გავლით განხორციელდა ნავთობის პირველი პარტიის მიწოდება.
ტოკაევმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალის სრულად გამოყენება, რაც ერთიანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და დახურული ლოჯისტიკური ციკლის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
კონტექსტი
ამ დრომდე ყაზახური ნავთობის ექსპორტის ძირითადი მარშრუტები სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე გადის. ყაზახური ნედლეული კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილ წერტილებში, ქალაქ ნოვოროსისკში იყრის თავს. სწორედ ნოვოროსისკის პორტიდან ნაწილდება ყაზახური ნავთობი გლობალურ ბაზრებზე.
2022 წლის ივლისში რუსეთის პრიმორსკის მხარის სასამართლომ კასპიური მილსადენის კონსორციუმის მუშაობა 30 დღის ვადით, "გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე შეაჩერა."