ტრამპი: მედვედევის პასუხად ატომურ წყალქვეშა ნავებს შესაბამის რეგიონში განვალაგებთ

ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, დმიტრი მედვედევის პროვოკაციული სიტყვების პასუხად 2 ატომური წყალქვეშა ნავი მსოფლიოს შესაბამის რეგიონში განლაგდება - დონალდ ტრამპის პოსტს წინ უძღოდა გასულ დღეებში დმიტრი მედვედევთან გამართული ონლაინ კონფრონტაცია.
State Of Play: ამ შინაარსის პოსტი დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - ონლაინ კამათი ამერიკელ პრეზიდენტსა და რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს შორის 30 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა ინდოეთისთვის 25%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა და ეს მოსკოვთან თანამშრომლობას დაუკავშირა.
- "რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილის უკიდურესად პროვოკაციულ განცხადებებზე პასუხად გავეცი ბრძანება მსოფლიოს შესაბამის რეგიონში 2 ამერიკული წყალქვეშა ატომური ნავის განთავსების შესახებ"- წერს ტრამპი.
- ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რეგიონზეა საუბარი - მისი თქმით, ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, "თუ მედვედევის სიტყვები, უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე უბრალოდ სიტყვები."
Big Picture: ტრამპსა და მედვედევს შორის ონლაინ დაპირისპირებას წინ უძღოდა ამერიკელი პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირება, რომელიც თავის მხრივ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ეხებოდა.
- რთული სათქმელია, მედვედევის კონკრეტულად რომელ განცხადებას გამოეხმაურა ამგვარად დონალდ ტრამპი, მაგრამ ცოტა ხნის წინ დმიტრი მედვედევმა რუსეთის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმზე ისაუბრა.
- "ყოველი ახალი ულტიმატუმი ეს არის საფრთხე და ნაბიჯი ომისკენ, ომისკენ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ ომისკენ საკუთარ ქვეყანასთან. ნუ წახვალთ მძინარა ჯოს (რედ. ამგვარად ტრამპი ხშირად მოიხსენების ჯო ბაიდენს) გზით"- წერდა მედვედევი.
- რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის პასუხად გამოქვეყნებულ ტექსტში ტრამპმა მედვედევს "ჩაფლავებული პრეზიდენტი" უწოდა და მას მოუწოდა "ფრთხილად შეარჩიოს სიტყვები" და განაცხადა, რომ "ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედის."
Сontext: ტრამპს ტელეგრამზე გამოეხმაურა მედვედევი და განაცხადა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის რეაქცია "რუსეთის სისწორის" დასტურია და ქვეყანა გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას.
- ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის პირველი რეაქცია აშშ-სგან მიღებულ ულტიმატუმზე და განაცხადა, რომ "რომელიმე მხარის იმედგაცრუება, ამავე მხარის გადაჭარბებული მოლოდინებით არის განპირობებული."