ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ ომი "დასასრულს უახლოვდება"
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება და აშშ ძალიან ახლოსაა დასახული ამოცანების მიღწევასთან.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავდაპირველად თეთრ სახლში ჟურნალისტებთან მოკლე კომუნიკაციისას განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ამ შინაარსის ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
- პოსტში ტრამპი წერს, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებულია ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათი სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია და საზღვაო ფლოტი.
- რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ირანმა მის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებების პასუხად ჩაკეტა, ტრამპის თქმით მისი დაცვა და პატრულირება იმ ქვეყნებს მოუწევთ, რომელბიც სრუტეს იყენებენ, ხოლო ამერიკა მას არ იყენებს.
წინარეისტორია: მიმდინარე ომის განმავლობაში ტრამპმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა ამის მიუხედავად საომარი მოქმედებების ინტენსივობა არ შემცირებულა.
- საყურადღებოა ისიც, რომ ტრამპის განცხადების მიუხედავად ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ელიტური დანაყოფები, საუბარია 4 500 სამხედროზე.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ტრამპი ჰორმუზის განსაბლოკად გასულ დღეებში კუნძულ ხარგის ოკუპაციას განიხილავდა, რომლის გავლითაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% მოძრაობს.
- Axios-ის წყაროების ცნობით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და იმ შემთხვევაშიც თუ კუნძულის ოკუპაცია გადაწყდება შესაბამისი ოპერაციის მომზადებას რამდენიმე კვირა და ირანის კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება დაჭირდება.
კონტექსტი: გასულ კვირებში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ტრამპმმა რამდენიმე ურთიერგამომრიცხავი განცხადება გაავრცელა, რომლებშიც ჯერ მოკავშირეების დახმარებას ითხოვდა, ხოლო მოგვიანებით ამბობდა, რომ ასეთი დახმარება არ არის საჭირო.
- ტრამპმა რამდენიმეჯერ მწვავედ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერი და სხვა მოკავშირეები რეგიონში სამხედრო ფლოტის გაგზავნისგან თავის შეკავების გამო.
- სულ ბოლო პოსტში ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრტიკა ნატო და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ამერიკის გარეშე ქაღალდის ვეფხვი უწოდა.