ტრამპი პატიმრების გაცვლას "პუტინის გამარჯვებას" უწოდებს

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმება გააკრიტიკა.

ამის შესახებ Fox Business წერს.

ტრამპის თქმით, პატიმრების გაცვლა იყო "პუტინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის გამარჯვება, რომელსაც ჩვენთან აქვს საქმე."

Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე საუბრისას მან აღიარა, რომ რუსეთიდან პატიმრების დაბრუნება კარგია შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ შეთანხმებას, რომლითაც ეს მოხდა, "ძალიან ცუდი" უწოდა.

"ჩვენ დროს (ხელისუფლებაში ტრამპის პირობებში) ეს არ მოხდებოდა, ჩვენ არ მოგვიწევდა მსოფლიოს უდიდესი მკვლელების გათავისუფლება, რადგან ასე მოხდა, როგორც მოგეხსენებათ," - აღნიშნა ტრამპმა.

სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ვადიმ კრასიკოვს, რუსეთის ФСБ-ს აგენტს, რომელიც 2019 წელს გერმანიაში გაასამართლეს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

1 აგვისტოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის, მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე მასშტაბური პატიმართა გაცვლა შედგა.

"მძიმე განსაცდელი დასრულებულია." - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 16 ადამიანის გათავისუფლებას. გათავისუფლებულებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და "მწვანე ბარათის" ერთი მფლობელია.

16 ადამიანი, რომელიც აშშ-მა და გერმანიამ გაცვლის შედეგად მიიღო, რუსეთში, სხვადასხვა დრო, სხვადასხვა "ბრალდებებით" დააკავეს. მაშინ, როცა, 8 პატიმარი, რომლებიც რუსეთმა სანაცვლოდ მიიღო, გასამართლებულები იყვნენ ჯაშუშობის, თვალთვალის, მკვლელობის და სანქციების გვერდით ავლის ბრალდებით.

მსგავსი სიახლეები