ტრამპი: პუტინთან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, არის შანსი, რომ ეს ომი დასრულდება

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან გუშინ გამართული მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და არის შანსი, რომ ომი მალე დასრულდება.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Thruth-ში წერს.
"გუშინ, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და არის შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი მალე დასრულდება"- წერს ტრამპი.
ცოტა ხნით ადრე, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გვიან ღამით შედგა.
"ზუსტად ამ მომენტისთვის, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის ალყაშია მოქცეული, ისინი ძალიან ცუდ, მოწყვლად მდგომარეობაში არიან. მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს საშინელი სასაკლაო იქნება, არნახული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ყველა",- წერს ტრამპი.
უნდა ითქვას, რომ რუსეთის არმიამ პრაქტიკულად სრულად დაიკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი პლაცდარმი კურსკის ოლქში, გასულ დღეებში უკრაინული წყაროები რუსეთის ტერიტორიაზე ZSU-ს დანაყოფების რისკის შესახებ წერდნენ, თუმცა ბოლო ცნობებით, უკრაინულმა დანაყოფები უკვე სრულად გადავიდნენ სამშობლოში.
კონტექსტი
ფრენების სამონიტორინგო რესურსების ცნობით, უიტკოფის თვითმფრინავმა მოსკოვი დღეს დილით დატოვა. დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უიტკოფს დონალდ ტრამპთან კონკრეტული გზავნილები გადასცა.
13 მარტს ბელარუსის დიქტატორთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის წინანადებას 30-დღიანი ზავის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე, 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრა უკრაინა დათანხმდა.
პუტინმა განაცხადა, რომ პრინციპში ზავზე თანახმა, თუმცა "არსებობს ნიუანსებიც" - ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ კრემლმა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
პუტინის სიტყვების მალევე გამოეხმაურა ტრამპიც, რომელმაც მის პოზიციაც იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა.
დღის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ შეგნებულად აღარ გააგრძელა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის მარტში გაცემული გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსული ბანკები საზღვარგარეთ გაყიდული ენერგორესურსების საფასურს იღებდნენ.