ტრამპის განკარგულება საერთაშორისო დახმარების დაპაუზებაზე უკრაინას არ შეეხება
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება საერთაშორისო განვითარებაზე აშშ-ს ფინანსური დახმარების 90 დღის ვადით შეჩერების შესახებ უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ შეეხება.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმის უკრაინული სამსახური პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობა არ ხვდება ცოტა ხნის წინ მიღებული განკარგულების ზემოქმედების ქვეშ, რომელიც საერთაშორისო დახმარების შეჩერებას ეხება. განკარგულება მხოლოდ განვითარების პროგრამებს ეხება და არა სამხედრო დამხარებას"- ციტირებს გამოცემა საკუთარ წყაროს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში.
ასევე ძალაში რჩება უკრაინის დახმარების USAI-ის ფარგლებში ამერიკის მთავრობის შეკვეთები შეიარაღების მწარმოებლებთან. გარდა ამისა, ტრამპის განკარგულება არ ეხება უკვე გაწერილ მიწოდების გრაფიკებს აშშ-ს სამხედრო არსენალებიდან.
ამასთანავე, ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სკეპტიციზმი ბოლო პერიოდში უფრო შერბილებულია. მათი თქმით, ტრამპის გუნდი გამოხატავს, რომ მზად არის კონცენტრირდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე ომის დასრულების შემდეგ.
47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ომის დასრულება, მაგრამ "ტანგოს 2 ადამიანი სჭირდება." დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში მზად არის ქვეყანას ახალი სავაჭრო ტარიფები და მასშტაბური სანქციები დაუწესოს.