წითელი ჯვარი: ხერსონის მერი რუსეთის ტყვეობაშია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ კოლიხაევის ვაჟმა სვიატოსლავმა ისაუბრა.
მისი თქმით, მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
"წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა," - განმარტა სვიატოსლავ კოლიხაევმა.
იგორ კოლიხაევი ხერსონის მერი 2020 წლის ნოემბერში გახდა. გასული წლის მარტში ქალაქი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ივნისში სამხედროებმა მერი პირდაპირ მისი ოფისიდან გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში კოლიხაევი დაკარგულად ითვლებოდა.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარები დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ და ხერსონი დატოვეს. ახლა ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უკრაინის სამხრეთ რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე რომან მროჩკო ასრულებს.