მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 9 მაისის წინ ინტერნეტის გათიშვა დაიწყეს
ინტერნეტის ხარვეზების მონიტორინგის რუსულმა სერვისებმა, 5 მაისის ღამიდან მოყოლებული, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტის მუშაობაზე საჩივრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს.
ცოტა ხნით ადრე, მობილურმა ოპერატორებმა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 5-დან 9 მაისამდე პერიოდში ინტერნეტის "დროებითი შეზღუდვების" შესახებ განაცხადეს.
ვითარების არსი: მომხმარებლები ჩივიან "ბილაინის", "მეგაფონის", МТС-ისა და YOTA-ს მობილური ინტერნეტის არქონაზე, მესენჯერებისა და საიტების მიუწვდომლობაზე, ასევე მობილური კავშირის გათიშვაზე.
- ზოგიერთი საჩივრის ავტორი წერს რომ ინტერნეტი არ აქვთ ე.წ. თეთრ სიებსაც, იგულისხმება ტაქსი, მიტანის და სხვა ონლაინ სერვისები.
- ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში "ბილაინმა" აბონენტები გააფრთხილა რომ "5-დან 9 მაისამდე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია მობილური ინტერნეტისა და სმს-ების მუშაობის დროებითი შეზღუდვა.
- გასულ კვირას BBC Russian, "როსტელეკომთან" დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მოსკოვში 5, 7 და 9 მაისს შეიზღუდება ყოველგვარი მობილური კავშირი და, შესაძლოა, სმს-ების გაგზავნა, ასევე "თეთრი სიების მუშაობაც.
კონტექსტი: მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებში მობილური ინტერნეტის შეზღუდვები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დახურულ ნაწილში განმარტა.
- საჰაერო თავდასხმების შიშის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ 2007 წლის შემდეგ პირველად თქვა უარი 9 მაისის აღლუმის დროს სამხედრო ტექნიკის გამოყვანაზე.
- ორშაბათს საღამოს რუსეთმა ულტიმატუმის ფორმით გამოაცხადა ცალმხრივი ზავი 9 მაისთან დაკავშირებით.
- ამავდროულად, მოსკოვი კიევის ცენტრზე დარტყმით დაიმუქრა, თუ უკრაინელი სამხედროები აღლუმის ჩაშლას ეცდებიან.
- საპასუხოდ, უკრაინამ თავისი პირობები წამოაყენა: ზავი ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს. იქნება თუ არა მოსკოვი ამისთვის მზად, ამ ეტაპზე უცნობია.