თურქეთი მზად არის მარიუპოლიდან ევაკუაცია საკუთარი გემებით განახორციელოს
თურქეთმა მზაობა გამოთქვა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის თავისი გემები გამოყოს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
"მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერის მზაობის შესახებ უკვე ვაცნობეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ატაშეს" - განაცხადა მინისტრმა.
მარიუპოლი რუსეთის თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინული ქალაქია. აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქი პირველი მარტიდან ალყაშია.
სხვადასხვა მონაცემებით ქალაქში დაღუპულია 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ამ რიცხვების დამადასტურებელი დამოუკიდებელი რიცხვები ჯერჯერობით არ მოიპოვება.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირებში ქალაქის თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს - ოკუპანტები აკონტროლებენ რამდენიმე მნიშვნელოვან უბანს, თუმცა ქალაქის ცენტრი ამ დრომზე უკრაინელი მებრძოლებს კონტროლქვეშ რჩება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზების რამდენიმე ათეული მცდელობა იყო, თუმცა ოკუპანტების განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეუჩერებელი ცეცხლის გამო მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩავარდა.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ დრომდე, ქალაქში რჩება 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში მარიუპოლის ევაკუაციასთან დაკავშირებით "კარგ ამბებს" ელოდებიან.