თურქეთმა თითქმის 4-ჯერ შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი

თურქეთმა თითქმის 4-ჯერ შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო სანქციების შემდეგ.
ამის შესახებ The Moscow Times წერს.
ბოლო სანქციები მოიცავდა "გაზპრომ ნეფტის", "სურგუტნეფტეგაზოს" და "ჩრდილოვანი ფლოტის" 180-ზე მეტ ტანკერს.
თებერვალში, რუსული ურალის კლასის გადაზიდვები პრიმორსკის, უსტ-ლუგასა და ნოვოროსიისკის პორტებიდან თურქეთის მიმართულებით 1.56 მილიონი ტონიდან, 0.42 მილიონ ტონამდე შემცირდა.
ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, მას შემდეგ, რაც თურქეთის უმსხვილესმა გადამამუშავებელმა კომპანიამ, სტამბოლში დაფუძნებულმა Turkiye Petrol Rafinerileri-მ (Tupras) რუსულ ნავთობზე უარი თქვა.
კომპანიამ შეწყვიტა ურალის ტვირთის მიღება და მოითხოვა სანქციების დაცვა - კერძოდ, ფასის ზღვარის, რომელიც ბარელზე 60 დოლარად არის განსაზღვრული.
თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის შემცვლელს აფრიკაში ეძებენ - მათ აფრიკიდან შესყიდვები 5 წლის მაქსიმუმამდე გაზარდეს.
ალფა ბანკის შეფასებით, ამ სანქციების გამო, რუსეთმა შეიძლება 800 ათას ბარელამდე ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი დაკარგოს, ანუ ტანკერებით საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებული მოცულობის დაახლოებით მესამედი.
გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის, იანის კლუგეს შეფასებით ეს რუსეთის ბიუჯეტისთვის ნიშნავს შემოსავლის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის დაკარგვას.
დასავლეთის ქვეყნების მიერ ახალი სანქციების შემოღების შედეგად, რუსეთის "ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის" ნახევარზე მეტი, 300-ზე მეტი გემი, დასანქცირდა.