უიტკოფი: პუტინმა უკრაინაში "მუდმივი მშვიდობის" სურვილი გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობას სურს და რუსეთისა და აშშ-ის შორის შეთანხმება უკრაინის ხუთი რეგიონის ბედს ეხება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოვმა 14 აპრილს, Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
State Of Play: უიტკოფს ჰკითხეს, როგორ წარიმართა მისი მოლაპარაკებები პუტინთან 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში.
- "ეს არის მასთან მესამე შეხვედრა. ეს ბოლო შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ოთახში იყო მისი ორი მთავარი მრჩეველი: იური უშაკოვი და კირილ დიმიტრიევი. საინტერესო შეხვედრა იყო და ბოლოს ჩვენ დავახლოვდით," - თქვა მან.
- "პუტინის მოთხოვნაა მუდმივი მშვიდობა. ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტის გარდა, ამ საკითხზეც მივიღეთ პასუხი," - აღნიშნა უიტკოფმა Fox News-თან.
- "ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ ტერიტორიას, მაგრამ არის ბევრად მეტი. არსებობს უსაფრთხოების პროტოკოლები. არის ნატო, მე-5 მუხლი. ამას თან ერთვის ბევრი დეტალი. ეს არის რთული სიტუაცია, რომელიც ეფუძნება რეალურ პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება ორ ქვეყანას შორის," - განაგრძო აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
- "ჩვენ შეიძლება ვიყოთ რაღაცის ზღვარზე, რაც იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის. ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა შეცვალოს ურთიერთობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალიან მიმზიდველი კომერციული შესაძლებლობებით, რაც, ვფიქრობ, რეალურ სტაბილურობას მოუტანს რეგიონს. პარტნიორობა ქმნის სტაბილურობას," - დაასკვნა მან.
Big Picture: 11 აპრილს, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთისთვის ცალმხრივად ოთხი რეგიონის - ხერსონი, ზაპოროჟია, ლუგანსკი და დონეცკი - დათმობაზე
Context: The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კეიტ კელოგი და სხვა მაღალჩინოსნები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი არ იჩენს ნამდვილ ინტერესს ომის შეწყვეტის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს.
- ამასთან, ტრამპი მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მხარეზეა, რომელიც ცოტა ხნის წინ კვლავ შეხვდა პუტინს რუსეთში და გამოთქვა რწმენა, რომ კრემლს მშვიდობა სურს.
- ამავდროულად, WSJ აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდის ის წევრებიც კი, რომლებიც მოსკოვთან უფრო მკაცრი მიდგომის მომხრეა, მხარს უჭერენ მის მიზანს, შეაჩეროს ომი, მაგრამ რუსეთის თავდასხმა სუმიზე ხაზს უსვამს მის გუნდში არსებულ განსხვავებებს.