უკრაინა ადასტურებს, რომ ვაგნერელების დანაყოფები ბახმუტთან დაბრუნდნენ
ბელარუსში განლაგებული ვაგნერის დანაყოფების ნაწილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მათი ნაწილი უკვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღოსავლეთ სარდლობის სპიკერი, ილია ევლაში.
ვაგნერელების უკრაინაში დაბრუნება CNN-თან საუბარში დაადასტურა უკრაინის 92-ე ბრიგადის დრონების ოპერატორმა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ვაგნერელები უკვე გამოჩნდნენ ბახმუტის მონაკვეთზე.
ევლაშის ცნობით, ვაგნერელების ნაწილი ინსტრუქტორებად ინიშნებიან, ხოლო ნაწილი კვლავ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ.
"ისინი აღარ წარმოადგენენ ისეთივე საფრთხეს, როგორც თუნდაც 1 წლის წინ",- ამბობს ევლაში.
კონტექსტი
ეს პირველი ოფიციალური დადასტურებაა - გასულ დღეებში რუსულ ტელეგრამ არხებში ფრონტზე ვაგნერელების გამოჩენის შესახებ ვრცელდებოდა ცნობები. ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, საუბარია ვაგნერის ერთ-ერთი მეთაურის, ანდრეი ტროშევის დანაყოფებზე - ტროშევი ვაგნერის ძირითად ჯგუფს პრიგოჟინის მიერ მოწყობილი აჯანყების შემდეგ გამოეყო და ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.