უკრაინამ 557 "კანონიერ ქურდს" და 111 უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციები დაუწესა

14 მაისს, უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს 550 ‘კანონიერ ქურდს’ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქ გვერდზე.

“'კანონიერ ქურდებზე' კანონის მიღების შემდეგ, მივიღეთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია და 9 თვიანი მუშაობის შედეგები ასეთია: პერსონალური სანქციები 557 ‘კანონიერი ქურდის’ წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი არიან. მათი უმრავლესობა ამჟამად უკრაინაში იმყოფება. მათგან, უკრაინაში ციხის გარეთ მყოფი ქურდების რაოდენობა ორჯერ შემცირდა - 34-დან 17-მდე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უახლოეს მომავალში და სამუდამოდ ეს რიცხვი 0 იყოს”, - თქვა ზელენსკიმ.

მან განმარტა, რომ ყველა ამ პირზე შემდეგი შეზღუდვები დაწესდა:

  • აქტივების ბლოკირება;

  • უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;

  • ვიზის, დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან საიმიგრაციო ნებართვის გაუქმება;

  • უკრაინაში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა;

  • უკრაინის მოქალაქეობის მიღების შეუძლებლობა და იძულებითი გაძევება.

“ერთი სიტყვით: ისინი, ვინც უკრაინაში არ არიან, აქ ჩამოსასვლელი არაფერი აქვთ. ისინი, ვინც უკრაინაში არიან, აქ დასარჩენი არ აქვთ. იგივე ეხებათ ამ სამყაროს სხვა წარმომადგენლებს - კრიმინალური ჯგუფების ლიდერებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს. ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ არა ამ 111 უცხოელისთვის - კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რომლებსაც სანქციების იგივე პაკეტი შეეხებათ. ჩვენ არ ვამბობთ “ნახვამდის”, ჩვენ ვამბობთ “მშვიდობით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.





მსგავსი სიახლეები