უკრაინამ რუსების მიერ დახვრეტილი სამხედროს სახელი გაასაჯაროვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იმ სამხედროს სავარაუდო სახელი გაასაჯაროვა, რომლის სიკვდილით დასჯის ვიდეოც ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

"წინასწარი მონაცემებით, გარდაიცვალა 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ტიმოფეი ნიკოლაის ძე შადურა. ტიმოფეი შადურა დაკარგულად ითვლება 2023 წლის 3 თებერვლიდან, ქალაქ ბახმუტთან საომარი მოქმედებების შემდეგ", - წერს ამ ბრიგადის სარდლობა 7 მარტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროს ცხედარი რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ვინაობა საბოლოდ ცხედრის დაბრუნებისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადასტურდება.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თანამოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ თანაგრძნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს. 

"უპირველეს ყოვლისა, დაღუპულებს და მათ ოჯახებს უნდა ვცეთ პატივი", - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ფეისბუქზე. მან აღნიშნა, რომ "სოციალური ქსელები და თანაგრძნობა შეუთავსებელია" და ყველას მოუწოდა დაელოდონ გარდაცვლილის ვინაობის ოფიციალურად დადასტურებას.

კონტექსტი

6 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო ამბობს: "დიდება უკრაინას." შემდეგ კი მას რუსები ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

სად და როდის გადაიღეს ვიდეო, ჯერჯერობით უცნობია.

ამის შემდეგ უკრაინელებმა, დაღუპული გმირისთვის პატივის მისაგებად სოციალურ ქსელებში მასიურად დაიწყეს ამ ფრაზების გამოქვეყნება: "დიდება უკრაინას!" და "დიდება გმირებს!"

"დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!" - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი დატყვევებული ჯარისკაცის მკვლელობას.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრიი ერმაკმა უკრაინელი დამცველის სიკვდილით დასჯის კადრების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების ეს და სხვა სამხედრო დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.

უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა ჟენევის კონვენციების დარღვევაა. მან ეს ვიდეო საერთაშორისო პარტნიორებს და სხვა ომბუდსმენებს გაუგზავნა მთელ მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები