უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა - Reuters
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი წელს გააორმაგა. ამის შესახებ ინფორმაციას ორშაბათს, 22 აგვისტოს, Reuters ანალიტიკურ პორტალ Refinitiv Eikon-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთში რუსული ნავთობის იმპორტმა 2022 წლის პირველ ნახევარში დღეში 200 000 ბარელს მიაღწია, 2021 წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი 98 000 ბარელი იყო. ამავდროულად, თურქეთმა შეამცირა ჩრდილოეთის ზღვის, ერაყისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ნავთობის შესყიდვები.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, თურქეთი მხარს უჭერს კიევს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, თურქული კომპანიები უკრაინას იარაღს ყიდიან. ასევე თურქეთში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებისა და უკრაინის საზღვაო პორტების დებლოკირების შესახებ.
ამავდროულად, ანკარამ უარი თქვა კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მხარდაჭერაზე. თურქეთის ხელისუფლებას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ ქვეყანა რეალურად ეხმარება რუსეთის ფედერაციას საჰაერო მიმოსვლაზე სანქციების გვერდის ავლაში.