უკრაინაში უკვე 1000 ბელორუსი მოხალისე იბრძვის
ლვოვში ბელორუსის საინფორმაციო ცენტრმა დაიწყო მუშაობა, 6 აპრილს კი მისი პრეზენტაცია გაიმართა. მისი ხელმძღვანელის, ალინა რუდინას თქმით, ცენტრის მისია ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ინფორმაციის გაცვლაა.
"ჩვენი სახელმწიფო დატყვევებულია. ფაქტობრივად, ის არის ლუკაშენკოს და რუსეთის ტყვეობაში. მაგრამ არის წინააღმდეგობა დამპყრობლების წინააღმდეგ. მიმდინარეობს აქტიური პარტიზანული ომი, მათ შორის სარკინიგზო ომი. გარდა ამისა, ხალხი უკრაინელებს აწვდის ინფორმაციას რუსული ჯარების ადგილმდებარეობის და გადაადგილების შესახებ", - თქვა რუდინამ.
ბელორუსის კრიზისების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსეი ფრანცკევიჩმა თქვა, რომ "არსებობენ ბელორუსები და არიან ლუკაშისტები" და მთელ ბელორუს ხალხს არ უნდა დაბრალდეს რეჟიმის მხარდაჭერა.
პრესკონფერენციის კიდევ ერთი მონაწილის, ორგანიზაცია "თეთრი ლეგიონის" დამფუძნებლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბელორუსია 2.0.-ის" ხელმძღვანელის სერგეი ბულბას თქმით, 300 000-ზე მეტი ბელორუსი, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.
მისი აზრით, ახლა ბელორუსის ბედი უკრაინაში წყდება.
"ესეც ჩვენი ომია. ამიტომ იბრძვიან ჩვენი მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებში და მოხალისეთა ბატალიონებში. დღეს 1000-მდე ასეთი მოხალისეა. ამასთანავე ახლა პოლონეთში იმყოფება დამატებით 1000 მებრძოლი, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ელოდებიან უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. როგორც კი ნებართვა იქნება, მაშინვე ჩამოვლენ და შეუერთდებიან უკრაინის დამცველების რიგებს", - განაცხადა ბულბამ.