უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლება რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა.
"უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შედეგად, კონტროლი აღდგა ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკიე ტიშკის ნაწილზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მტერი რეგიონში ზოგიერთ შორეულ დასახლებას ბლოკავს.
"მტერი მაღალი ინტენსივობით სისტემატურად ბომბავს, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, იმ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი ჯარები არიან კონცენტრირებული. ოკუპანტმა შეტევა დაიწყო ნოვაია დმიტროვკას დასახლების მიმართულებითაც, მაგრამ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა", - განმარტავენ გენერალურ შტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მტერი აგრძელებს შეტევითი დაჯგუფების შექმნას სლობოჟანსკის მიმართულებით. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ურაზოვოს დასახლების ტერიტორიიდან (ესაზღვრება ხარკოვის ოლქს) უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ნაწილები.