უკრაინელმა არტილერისტებმა ვოზნესენსკთან რუსული ტექნიკის კოლონა გაანადგურეს
ვოზნესენსკის (ნიკოლაევის რაიონი) და მისი გარეუბნების დაცვის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის საარტილერიო ნაწილმა რუსი დამპყრობლების კოლონა გაანადგურა.
შენაერთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა ვოზნესენსკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის ქუჩაში 30-მდე მცხოვრებს ხელები ზურგს უკან ლენტით შეუკრეს და ყველას დაჩოქება აიძულეს. ისინი მოქალაქეებს სთხოვდნენ ეთქვათ ვინ ეხმარებოდა უკრაინელ არტილერისტებს ცეცხლის კორექტირებაში.
ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ხალხს თავში ესროლეს.
"ქალები ტიროდნენ და გათავისუფლებას ითხოვდნენ. რის გამოც ორკები სრულიად განრისხდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მათმა მეთაურმა თქვა, რომ თუ ხუთ წუთში არ ეტყოდნენ მას კორექტორის სახელს, ყველას დახვრეტის ბრძანებას გასცემდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მე-80 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამხედროებმა, რომლებიც სოფელს აკვირდებოდნენ, ოკუპანტების კოორდინატები არტილერისტებს გადასცეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 25-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, მოწინააღმდეგის ტექნიკა, კერძოდ, სამეთაურო-საშტაბო მანქანა.
ამავდროულად, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ისარგებლეს მომენტით, "შეძლეს გათავისუფლება და წავიდნენ უსაფრთხო ადგილას", - ნათქვამია განცხადებაში.