უკრაინის მთავრობა მოსახლეობას ქალაქ პოკროვსკიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ქალაქ პოკროვკის სამხედრო ადმინისტრაცია რუსეთის საოკუპაციო არმიის მოახლოების ფონზე მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი დობრიაკმა განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი უახლოვდება ჩვენს ქალაქს, საოკუპაციო არმია ქალაქის გარეუბნებიდან 10 კილომეტრშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი ცინიკურად ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, იღუპებიან ადამიანები. ამიტომ გთხოვთ, არ დააყოვნოთ, დაიწყეთ ევაკუაცია, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახები და ასაკოვანი მოქალაქეები. გთხოვთ ჩაეწერეთ ევაკუაციაზე, გხთოვთ გაემგზავროთ გეგმიურად და დროულად. ვითარება მხოლოდ გაუარესდება და უკეთესობა არ იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება რჩება ქალაქში"- ნათქვამია დობრიაკის მიმართვაში.
კონტექსტი
პოკროვსკი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთის არმიის იერიშის მთავარი მიმართულებაა - ქალაქი დონეცკის ოლქში უკრაინული ჯარების მომარაგების უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ კვანძს წარმოადგენს, რომლის დაკარგვაც მკვეთრად გაუარესებს უკრაინული დანაყოფების მდგომარეობას ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც.
კურსკში უკრაინის არმიის მიმდინარე იერიშის ერთ-ერთ მთავარ მიზნად პოკროვსკიდან და ფრონტის სხვა ყველაზე რთული წერტილებიდან რუსული დანაყოფების რუსული დანაყოფების კურსკის გადასროლას ასახელებენ, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით ინარჩუნებს წინსვლის ტემპი დონეცკის ოლქში.
უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, გასული 5 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 61 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რომლის ნახევარიც დონეცკის ოლქზე მოდის - აქ უკრაინული არმიისთვის ყველაზე რთული მდგომარეობაა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ნიუ-იორკშია, რომელსაც უკვე თითქმის სრულად აკონტროლებენ რუსები. რუსეთის მოწინავე რაზმები უკვე მოქმედებენ ქალაქ ტორეცკის შემოგარენში, რომელიც პაკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. გარდა ამისა მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ჩასოვ იართან.