უკრაინის პოლიცია მოქალაქეებს: ქუჩაში 'საეჭვო პირების' შემჩნევის შემთხვევაში შეგვატყობინეთ

 

უკრაინის ნაციონალური პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში "საეჭვო პირების" შემჩნევის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინონ.

"განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირებს, რომლებიც წითელი ფერის ელემენტებით ტანისამოსს ატარებენ.

მოქალაქეებს ვთხოვთ, ქუჩაში არ გამოვიდნენ უნიფორმით ან ტაქტიკური ტანსაცმლით", - ნათქვამია უკრაინის პოლიციის პრეს-რელიზში.

რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი ოპერაციების დაწყების შემდეგ კიევში ფიქრობენ, რომ კრემლმა შესაძლოა მასობრივი არეულობის ორგანიზება ან სხვა ტიპის პროვოკაციები სცადოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, სურვილის მიხედვით, ქვეყნის დასაცავად იარაღს დაურიგებენ. 

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიაქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას ბელარუსის, ყირიმის, ლუჰანსკის მიმართულებებიდან უტევს.

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები