უკრაინის შსს მინისტრი: “შეშლილი ძაღლი ისევ ჩვენს კარიბჭესთანაა”
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში ვეტერანებს და რეზერვისტებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
“პუტინის რეჟიმი ისევ ახდენს სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან და გვემუქრება ახალი აგრესიით! შეშლილი ძაღლი ისევ ჩვენს კარიბჭესთანაა. ჩვენ არ შევეგუებით - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და თავს დავიცავთ!” - დაწერა ფეისბუქზე არსენ ავაკოვმა.
მისი აზრით, შესაძლო პროვოკაციების და აგრესიის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია უკრაინის ყველა პატრიოტული ძალის საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება.
“სახელისუფლებო და სამოქალაქო ძალების კონსოლიდაცია - რეგულარული სახმელეთო ჯარები, შსს და რეზერვისტები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ქვეყნის დასაცავად. ასე იყო 2014 წელს, ასე იქნება ახლაც,” - თქვა ავაკოვმა.
გარდა ამისა, მან გაიხსენა, რომ ამ დღეებშია უკრაინაში მოხალისეთა ბატალიონების შექმნის მეშვიდე წლისთავი.
“მაშინ ჩვენ გვქონდა 10% სამხედრო გამოცდილება, მაგრამ 90% სიმტკიცე. და ერთად ჩვენ შევძელით ოკუპანტების შეჩერება. მადლობა ყველა მოხალისეს ღირსეული სამსახურისთვის. თანამებრძოლებო, მე გთხოვთ, თუ სამშობლო დაგვიძახებს - კვლავ გავერთიანდეთ და დავდგეთ სამშობლოს დასაცავად,” - დაწერა ავაკოვმა.