უნგრეთი ევროპის კავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს
23 ნოემბერს ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დამხარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. ბრიუსელის მიზანი, უკრაინისთვის ფულადი სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტის მხრიდან წინააღმდეგობის დაძლევაა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპის კავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება უნდა დაუმტკიცდეს, დაბლოკა. ევროპული გაერთიანების მიერ უკრაინის დახმარების ზემოაღნიშნული პაკეტი 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს.
ევროკომისიის უნგრეთის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული დადებითი შეფასება, რომელიც 23 ნოემბერს გამოქვეყნდა, წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მიერ დამტკიცებას საჭიროებს.
აღნიშნული თანხის მიღება REPowerEU-ის პროგრამითაა გათვალისწინებული, რომელიც ევროპის კავშირის 27 წევრ სახელმწიფოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება.
ვიქტორ ორბანის მიერ ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღმოფხვრისა და ევროპული ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენების, ასევე, კიევისთვის დაგეგმილი 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვის შემდეგ, ევროპის კავშირის მხრიდან უნგრეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე დაიწყო საუბარი.
უნგრეთის პოსტ-პანდემიური აღდგენის გეგმის, რომელიც REPowerEU-ის პროგრამასაც მოიცავს, ჯამური ღირებულება, სესხების და გრანტების ჩათვლით, 10.4 მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროკომისიის განცხადებით, იმისთვის, რომ უნგრეთს აღნიშნული თანხის ძირითად ნაწილზე ჰქონდეს წვდომა, ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა კორუფციის აღმოფხვრასთან, ასევე კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რეფორმები არ განახორციელა, 2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13.3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
უნგრეთი, რომლისთვისაც ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კრიტიკის ქვეშ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევის გამო მოექცა. ევროპული გაერთიანება ვიქტორ ორბანს, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდან იმყოფება, წლებია კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დემოკრატიული პრიციპების ხელყოფის გარდა, ევროპის კავშირის აღშფოთებას უნგრეთის რუსეთთან დაკავშირებული პოზიციაც იწვევს. ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა EU-ს მიერ უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაგრძელების გეგმაც შეაჩერა. გარდა ამისა, არ ემხრობა უკრაინის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას.