"ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი ნორვეგიაში გაიქცა და იქ თავშესაფარი მოითხოვა
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სამმართველოს ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, ნორვეგიაში გაიქცა და თავშესაფარი მოითხოვა. ეს ინფორმაცია 15 იანვარს საფრანგეთში მცხოვრებმა რუსმა უფლებადამცველმა, ორგანიზაცია Gulagu.net-ის დამფუძნებელმა ვლადიმერ ოსეჩკინმა გაავრცელა.
"ვაგნერის" მე-7 შეტევითი რაზმის მე-4 ოცეულის პირველი რაზმის მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა, შეძლო დაეტოვებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. 12 იანვარს, მურმანსკის ოლქის ნიკელის დასახლების რაიონიდან ის ნორვეგიაში გადავიდა, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვა დაცვა და პოლიტიკური თავშესაფარი", - წერს ის.
უფლებადამცველმა მომხდარს "წარმატებული ევაკუაცია" უწოდა.
"ადგილობრივი აეროპორტის დაცვის ქვეშ მყოფი მედვედევი ოსლოში გადაიყვანეს, სადაც მას მიგრაციის კანონდამრღვევთა ცენტრში განთავსდა და ამ დღეებში პოლიტიკური თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის პროცედურები იწყება. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველად, "ვაგნერის" ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილი მეთაური რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაიქცა, რომელიც დათანხმდა ჩვენების მიცემას და ამხილა ოლიგარქი და ტერორისტი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მონაწილეობდა ათასობით უკრაინელისა და რუსის მკვლელობაში", - თქვა მან.
ოსეჩკინის თქმით, თავად მედვედევმა და მისმა თანამებრძოლმა 2022 წლის დეკემბერში მიმართეს Gulagu.net-ს. მათ დახმარება მოითხოვეს, "რათა თავიდან აეცილებინათ სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორება და პრიგოჟინის/ვაგნერის შეკვეთით სიკვდილით დასჯა."
"როგორც გავარკვიეთ, ანდრეი მედვედევმა "ვაგნერის" საბრძოლო პოზიციები 2022 წლის 6 ივლისს გაფორმებული ოთხთვიანი კონტრაქტის დასრულებისთანავე დატოვა. ამ თვეების განმავლობაში, მედვედევი ევგენი პრიგოჟინის ძალების მიერ მრავალი სიკვდილით დასჯისა და სასამართლოს განაჩენის გარეშე მკვლელობის თვითმხილველი და მოწმე გახდა, რომელიც მათ ჩაიდინეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც უარს აცხადებდა უკრაინელებთან ბრძოლაზე და ვისაც სურდა დაეტოვებინა კომპანიის რიგები." - აღნიშნა უფლებადამცველმა.
Gulagu.net-მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მედვედევი საუბრობს "ვაგნერში" მის "სამსაურზე", მათ შორის სიკვდილით დასჯაზე.