"ვაგნერმა" მებრძოლების რეკრუტირება რუსეთის სპორტული კლუბებში დაიწყო
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" რუსეთში სპორტულ კლუბებზე დაფუძნებული რეკრუტირების რამდენიმე ცენტრი გახსნა. ამის შესახებ 4 მარტს ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.
როგორც მათ ანგარიშშია ნათქვამი, "ვაგნერის" რეკრუტირების პუნქტები გაიხსნა დონის როსტოვის სპორტულ კლუბ "ანტარესში", ტიუმენის კრივის ფედერაციის შენობაში, სამარას სპორტული საზოგადოება "დინამოს" შენობაში. გარდა ამისა, თავად "ვაგნერ ჯგუფის" ინფორმაციით, მოსკოვში რეკრუტირების ცენტრებმა რვა სპორტული კლუბის ბაზაზე დაიწყეს მუშაობა.
წარსულში ამის შესახებ "ვაგნერის" შემქმნელმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
"ვაგნერისთვის ახალი მებრძოლების რეკრუტირებისთვის... ჩვენ უკვე გავხსენით ცენტრები მთელ რიგ ქალაქებში... ეს ცენტრები განთავსებულია სპორტული კლუბების ბაზაზე, სადაც მოხვალთ, შემოგამოწმებენ ფიზიკურად რამდენად ძლიერი ხართ და მერე გეტყვიან, როგორ მოხვდებით კერძო სამხედრო კომპანიაში. ჩვენ სრულად ვენდობით ამ ცენტრებს, ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან", - განაცხადა მან.
ISW მიიჩნევს, რომ "ვაგნერი" მებრძოლების რეკრუტირების ახალ არხს ქმნის პატიმართა რეკრუტირებაში არსებული დაბრკოლებების გამო.
ჯერ კიდევ 9 თებერვალს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიამ მთლიანად შეწყვიტა პატიმრების რეკრუტირება, ამ გადაწყვეტილების მიზეზების ახსნის გარეშე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრების რეკრუტირება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო.