"ვემსახურები სამშობლოს" - სტრელკოვს ექსტრემიზმისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ექსტრემისტული მოწოდებებისთვის ე.წ. ДНР-ის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იგორ გირკინის (სტრელკოვი) ადვოკატმა, ალექსანდრ მოლოხავმა განაჩენს უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ დაცვის მხარე ვერდიქტს დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. 

კონტექსტი

სტრელკოვი გასული წლის ივლისში ტელეგრამ არხში განთავსებული პოსტების შინაარსისთვის დააპატიმრეს - საკუთარ არხში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში სტრელკოვი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის არმიისა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საუბრობდა არმიაში არსებულ პრობლემებზე. 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გირკინისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, ხოლო არგუმენტაციად გირკინის ФСБ-ში გატარებული წლები დაასახელა. 

გირკინი 1990-იანი წლებიდან ФСБ-ში მსახურობდა, რის ფარგლებშიც მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე ომში, ასევე ჩართული იყო რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 

2013 წლის მიწურულს გირკინმა ФСБ პოლკოვნიკის რანგში დატოვა, რის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებში. სტრელკოვი საკუთარ თავს უწოდებდა "ადამიანს, რომელმაც ხელი გამოკრა ომის სასხლეტს."

მსგავსი სიახლეები