ვინ იყო ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ალ-კურაიში?

 

სირიაში აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა.

3 თებერვლის ღამეს, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სირიულ სოფელში აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშიმ თავი აიფეთქა.

აფეთქებამ საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, რომელშიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იმყოფებოდა, მთლიანად დაანგრია და ალ-კურაიშისთან ერთად მყოფი პირების სიცოცხლეც შეიწირა.

ორგანიზაციის სირიული განშტოების გარდა, ალ-კურაიშის საკუთარ ლიდერად აღიარებდა ისლამური სახელმწიფო ხორასანში - ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ავღანეთში ფუნქციონირებს.

პენტაგონი მიიჩნევს, რომ ლიდერის ლიკვიდაცია ისლამური სახელმწიფოს რეორგანიზაციის ან სხვა ფორმით „აღორძინების“ პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

 

ალ-ბაღდადის მემკვიდრე - ვინ იყო აბუ იბრაჰიმ ალ-კურაიში?

 

ტერორიზმის ისტორიაში ერთ დროს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ლიდერმა ისლამური სახელმწიფოს ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მისი წინამორბედის, ალ-ბაღდადისგან განსხვავებით, რომელიც საჯარო გამოსვლებს ხშირად მიმართავდა, ალ-კურაიში ძირითადად ყურადღების მიღმა დარჩენას ამჯობინებდა და მისი აქტივობის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

ალ-კურაიში 1976 წელს - შემდგომში ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქ“ მოსულთან ახლოს - პატარა ქალაქ მუჰალაბიაში დაიბადა. მან განათლება მოსულის უნივერსიტეტში, ისლამური სამართლის და მოძღვრების განხრით მიიღო. ერაყული უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, ალ-კურაიში სადამ ჰუსეინის არმიაშიც მსახურობდა, სადაც სამხედრო გამოცდილება დააგროვა.

2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო მისიის შესვლის შემდეგ ალ-კურაიში „წინააღმდეგობის მოძრაობას“ შეუერთდა. 2008-ში იგი ამერიკელებმა დაატყვევეს და კამპ ბუკას ცნობილ საპატიმროში ჩასვეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს მომავალი ლიდერებიც (მათ შორის ალ-ბაღდადი) იმყოფებოდნენ. ერთი წლის შემდეგ ალ-კურაიში გაათავისუფლეს.

ის ისლამური სახელმწიფო ერაყში - ისლამური სახელმწიფოს წინამორბედის - ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, რომელიც მანამდე სხვა ტერორისტული ქსელის, ალ-კაიდას განშტოება იყო.

2014 წელს ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ ალ-კურაიში ტერორისტული ორგანიზაციის მმართველ ელიტას შეუერთდა, სადაც ის „პროფესორის“ და „გამანადგურებლის“ ფსევდონიმებით იყო ცნობილი.

მალე მან ტერორისტული ორგანიზაციის საველე ოპერაციების წარმოება ჩაიბარა. ალ-კურაიში ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში იეზიდების რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

2017 წლის შემდეგ, როცა საერთაშორისო ანტიტერორისტულმა მისიამ ისლამური სახელმწიფოზე გამანადგურებელი დარტყმა მიიტანა, ალ-კურაიში სხვა მეთაურებთან ერთად მიმალვაში იმყოფებოდა და ადგილსამყოფელს ხშირად იცვლიდა. 2019 წელს ისლამური სახელმწიფოს დამფუძნებლის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ, ალ-კურაიში ორგანიზაციის ლიდერად აირჩიეს.

ორგანიზაციის მეთაურად დანიშვნის შემდეგ ალ-კურაიშის მთავარ მიზანს ისლამური სახელმწიფოს დარჩენილი ნაწილების გადაჯგუფება წარმოადგენდა. ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა შტოები დღესაც აქტიურია სირიის, ერაყის, ავღანეთის, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები