WP: რუსეთ-უკრაინას შორის ენერგეტიკაზე დარტყმების შესახებ მოლაპარაკებები იგეგმებოდა
აგვისტოს მიწურულს რუსეთ-უკრაინას შორის იგეგმებოდა მოლაპარაკებები, ენერგეტიკულ ინფრასქტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეჩერების შესახებ, თუმცა პროცესი კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშმა შეაფერხა.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post წერს.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების პროცესი არაპირდაპირი უნდა ყოფილიყო და დელეგაციებს შეთანხმება კატარელი მედიატორების მეშვეობით უნდა მიეღწიათ. პროცესში მონაწილეების ნაწილ იმედოვნებდა, რომ შეთახნმება გზას გახსნიდა უფრო მოცულობითი პროცესისთვის, რომლის მიზანიც ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შეთანხმება უნდა ყოფილიყო.
წყაროების ცნობით, კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შემდეგ რუსულმა მხარემ გაურკვეველი ვადით გადადო კატარელებთან დაგეგმილი შეხვედრა. "რუსები არ გასულან პროცესიდან, მათ დამატებითი დრო ითხოვს"- ამბობს პროცესსში ჩართული ერთ-ერთი დიპლომატი.
წყაროებს ცნობით, კატარი რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის საკითხზე გასული 2 თვის განმავლობაში მუშაობდა, რაც საბოლოოდ დოჰაში სამიტის ჩატარების შესახებ შეთანხმებით დასრულდა.
კონტექსტი
საყურადღებოა, რომ კურსკის ოპერაციამდე მკაფიო იყო უკრაინელი ლიდერების პოზიციების შესაძლებლობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით - ფრონტზე შექმნილ მძიმე მდგომარეობის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა მიიწვევდა რუსეთს მიერ ორგანიზებული ე.წ. მშვიდობის ფორმულის მომდევნო სამიტზე, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
კიევის მიერ ორგანიზებულ პირველ სამიტის 10 პუნქტიან რეზოლუციას, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში ჟენევამ უმასპინძლა, მხარი 80-მდე სახელმწიფომ დაუჭირა.
საყურადღებოა, რომ კატარში გასამართი სამიტი არ იქნებოდა ნაწილობრივი შეთანხმების პირველი მცდელობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მხარეთა შორის მოლაპარაკებების პირველი მცდელობა შეჭრიდან რამდენიმე დღეში ბელარუსში შედგა. მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესმა სტამბოლში გადაინაცვლა, მხარეები წინასწარ შეთანხმემებსა და პროგრესზე საუბრობდნენ, თუმცა კიევის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ საოკუპაციო არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გასაჯაროების შემდეგ პროცესი საბოლოოდ ჩაიშალა.
მოგვიანებით თურქეთისა და გაეროს მედიაციით რუსეთ-უკრაინამ ხელი მოაწერეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას, რომლის ფარგლებში რუსეთი ოდესის პორტიდან ნაოსნობაზე ბლოკადის მოხსნის ვალდებულებას იღებდა. 2023 წლის ივნისში რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.
რუსეთის გასვლის მიუხედავად, შავი ზღვის ფლოტის ყირიმის პორტებში მიყენებული მტკივნეული დარტყმებისა ფონზე რუსეთი იძულებული გახდა აუზიდან საკუთარი ფლოტის დიდი ნაწილი გაეყვანა. ამ დროისთვის ოდესის პორტიდან ექსპორტზე გასული ტვირთის მოცულობა თითქმის გაუტოლდა ომამდელ მაჩვენებლებს.