WSJ: ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ფართომასშტაბიან დეპორტაციებს დაიწყებს
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეიდის დაწყებას ქალაქ ჩიკაგოში, 21 იანვარს გეგმავს.
ამ ინფორმაციას The Wall Street Journal 17 იანვარს ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ოპერაცია ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანი არალეგალური მიგრანტების იდენტიფიცირება და დეპორტაცია იქნება.
რეიდში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის 100-დან 200-მდე ოფიცერი იქნება ჩართული.
ოპერაციის ძირითადი სამიზნეები იქნებიან მიგრანტები, რომლებსაც აქვთ კრიმინალური წარსული, მათ შორის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და სხვა სამართალდარღვევები.
"მაგრამ, წყაროებმა აღნიშნეს, რომ სხვა მიგრანტები, ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, მათთან ერთად იქნებიან დაკავების დროს, გაძევდებიან," - წერს WSJ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩიკაგო რეიდებისთვის შეირჩა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იზიდავს მიგრანტების დიდ რაოდენობას მისი შედარებით მეგობრული პირობების გამო, არამედ ტრამპსა და ქალაქის დემოკრატ მერს, ბრენდონ ჯონსონს შორის ხანგრძლივი დაპირისპირების გამო.
ჩიკაგოს შემდეგ მსგავსი რეიდები შესაძლოა აშშ-ის სხვა ქალაქებშიც დაიწყოს.
"იმიგრანტთა ძირითადი ცენტრები, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, დენვერი და მაიამი, ასევე არიან ახალი ადმინისტრაციის რადარებში და შეიძლება უფრო მიზანმიმართული რეიდები დაიწყოს," - წერს The Wall Street Journal.
2024 წლის 10 თებერვალს, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში გამართულ აქციაზე გამოსვლისას ისაუბრა თავის გეგმებზე, "ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის" შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნიდან 15-დან 20 მილიონამდე მიგრანტის განდევნას.
ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასრულოს "ღია საზღვრების პოლიტიკა," რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებს.