ზახაროვა: ეუთო/ოდირი საპროტესტო აქციებისთვის ნიადაგის მომზადებას გეგმავენ
ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნების შედეგების შემდეგ შესაძლო საპროტესტო აქციებისთვის ნიადაგს “ამზადებენ”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა “ირწმუნება”, რომ ეუთო/ოდირი, საპარლამენტო არჩევნების შუალედური შეფასებებით, ვითარების გამწვავებას გეგმავს, რომლის მიზანი ფერადი რევოლუციის მოწყობაა.
ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო გამოცემა TACC-ი იტყობინება.
“ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი გზა არის წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად “შუალედური ანგარიშების” გამოქვეყნება, რომელიც, როგორც წესი, ხმის მიცემის დაწყებამდე 2 კვირით ადრე იდება. მათ ამზადებენ დაქირავებული ადამიანების მცირე ჯგუფი” - ამბობს ზახაროვა.
აშშ-ის და ეუთო/ოდირის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაზე “განცხადება” გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმაც.
მათი “მტკიცებით”, ეუთო/ოდირმა 10-20 დღით ადრე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ქვეყანაში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ ჩატარების წინაპირობა არ არსებობს, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები და ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების მცდელობა უნდა მოჰყვეს.