ზალუჟნიმ სამსახურიდან გათავისუფლებულ სამხედრო კომისრებს პროფესიონალები უწოდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი რეკრუტირების პროექტის შეფასება ნაადრევია, ხოლო მობილიზაციის საკითხებში აუცილებელია არსებულ ჩარჩოებში დაბრუნება.
ამის შესახებ ზალუჟნიმ ჟურნალისტებს 18 დეკემბერს განუცხადა.
"ჯერ ცოტა ადრეა რეკრუტირების შეფასება და რაც შეეხება მობილიზაციის საკითხებს, ეს არ არის იმდენად გაძლიერება, არამედ დაბრუნება იმ საზღვრებში, იმ ჩარჩოებში, რომელიც ადრე ვმუშაობდით." - თქვა მან.
გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ეს პრობლემაა ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლებისთვის, რომლებიც ვიღაცამ უნდა შეცვალოს.
"ეს (მობილიზაციის პროცესი) უბრალოდ უნდა დაბრუნდეს იმ ჩარჩოში, რომელშიც ადრე მუშაობდნენ," - განაცხადა ზალუჟნიმ.
კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა რეგიონული სამხედრო კომისარების თანამდებობიდან გათავისუფლებამ მობილიზაციის ეფექტურობაზე, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ "ისინი პროფესიონალები იყვნენ, იცოდნენ როგორ გაეკეთებინათ ეს, მაგრამ ისინი აღარ არიან."
კონტექსტი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვალერი ზალუჟნის შორის დაპირისპირებაზე ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი პრეზიდენტის მიერ სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლება იყო.
სამხედრო კომისრების დათხოვნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებები ჩინოვნიკების გამდიდრების შესახებ. სკანდალის შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის ყველა სამხედრო კომისარიტის ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
Українська правда-ს წყაროს ცნობით, კომისრების დათხოვნის შემდეგ გამართულ ომის კაბინეტის შეხვედრაზე ზალუჟნიმ განაცხადა, რომ კორუფციის თემა მნიშვნელოვანია, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ კომისრების მასობრივი გათავისუფლების შემდეგ მობილიზაციის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა.