ზელენსკი: ავსტრალია უკრაინას 30 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს
12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანესს შეხვდა.
"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა ავსტრალიასთან. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის თავდაცვის პაკეტს პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანესთან. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ალბანესთან მოლაპარაკებებს წარმატებული უწოდა.
"ახალი, მძლავრი თავდაცვის პაკეტი, მათ შორის 30 Bushmaster [ჯავშანტრანსპორტიორი - რედ.]. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური ურთიერთგაგება." - განაცხადა მან.
ავსტრალიის პრემიერის თქმით, სამხედრო დახმარების ახალმა პაკეტმა ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული Bushmaster-ების საერთო რაოდენობა 120 ერთეულამდე გაზარდა.
"ჩვენი Bushmaster-ები უკრაინას ადგილზე კრიტიკულ მხარდაჭერას უკვე უწევენ. და ავსტრალია აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ დავუპირისპირდებით სახელმწიფოებს, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით შეცვალონ საერთაშორისო სისტემა. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია." - წერს ალბანესი Twitter-ზე.