ზელენსკი ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა - The Guardian
მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთს ეწვევა, სადაც ის ბლენჰაიმის სასახლეში ევროპელ ლიდერებთან ისაუბრებს, რომლებიც უკრაინაში არსებული ვითარების, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განსახილველად შეიკრიბებიან.
ამის შესახებ The Guardian წერს.
ზელენსკი შაბათს დილით ირლანდიაში გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან.
ირლანდია, რომელიც დიდი ხანია ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, უკრაინას არალეტალურ დახმარებას უწევს. ქვეყანა კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, დააბრუნოს დაახლოებით 20 000 ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთსა და ბელორუსიაში.
უკრაინის პრეზიდენტი გასულ კვირას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე შეხვდა ბრიტანეთის ახალ პრემიერს, კირ სტარმერს, მაგრამ ეს იქნება მისი პირველი შესაძლებლობა შეხვდეს ლეიბორისტების მთავრობის უფრო ფართო შემადგენლობას.
კონფერენცია არის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე შეხვედრა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა.
ის არაფორმალურ გარემოში ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ლიდერებს შორის კავშირების გასაძლიერებლად შეიქმნა. წინა კონფერენციები ესპანეთში, მოლდოვასა და ჩეხეთში ჩატარდა.