ზელენსკი: დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 მარტის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 100 ათასი ადამიანი დარჩა დონეცკის ოლქში, ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში.  

"ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 100 000 ადამიანია. არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაში, საკვების გარეშე, წყლის გარეშე, მედიკამენტების გარეშე, მუდმივი დაბომბვის ქვეშ", - განაცხადა პრეზიდენტმა.  

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე კვირაა ცდილობს ქალაქისკენ სტაბილური ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა თითქმის ყველა მცდელობა "დაბომბვით ან ტერორით" ჩაშალეს.

"დღეს ოკუპანტები ერთ-ერთ ჰუმანიტარულ კოლონას დაესხნენ თავს, შეთანხმებულ მარშრუტზე მანგუშთან, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლები დაატყვევეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები