ზელენსკი: კურსკის ოპერაციის ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოპერაციის ყველა დასახულ მიზანს აღწევს.

"დღეს იყო მთავარსარდალ სირსკის მოხსენება, როგორც ყოველი დღე, ფრონტის თითოეული ნაწილის შესახებ, კონკრეტულად, პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვსკის მიმართულებაზე. ცალკე - ოპერაცია კურსკის რეგიონში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კურსკის ოპერაციის აბსოლუტურად ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ. მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს, ყველა სერჟანტს, ყველა ოფიცერს, ვინც ჩართულია ამ ოპერაციაში. ამ დროისთვის ეს ოპერაცია რჩება ტყვეების ფონდის შევსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშუალებად." - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინა ამზადებს შეხვედრებს პარტნიორებთან. მისი პროგნოზით, სექტემბერში საჰაერო თავდაცვის მიმართულებით სერიოზული პროგრესი იქნება.

კონტექსტი

კურსკის რეგიონში ოპერაცია უკრაინამ 6 აგვისტოს დაიწყო. 10 აგვისტოს, რუსეთის სიღრმეში უკრაინის არმიის შეტევის მეხუთე დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა: "უკრაინამ ომი აგრესორის მიწაზე გადაიტანა."

13 აგვისტოს მთავარსარდალმა სირსკიმ ზელენსკის შეატყობინა, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 74 დასახლება უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ხოლო 15 აგვისტოს, ნაშუადღევს, სირსკიმ თქვა, რომ დღის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებებით ერთნახევარ კილომეტრამდე  წინსვლა ჰქონდა და უკვე აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიების ოკუპაციას მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მსგავსი სიახლეები