ზელენსკი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დერუსიფიკაციისთვის

უკრაინის პრეზიდენტი თავის მორიგ მიმართვაში კიდევ ერთხელ გადავიდა რუსულ ენაზე და უკრაინაში მისი მომავლის შესახებ ისაუბრა. 

"უკრაინაში არ არის და არასდროს ყოფილა ენის პრობლემა, მაგრამ ახლა თქვენ რუსო ოკუპანტებო ამ პრობლემას ქმნით, თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინელებმა უარი თქვან რუსულ ენაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დროიდან მოყოლებული რუსული ენა უკრაინელებისთვის რუს ოკუპანტებთან, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან, აფეთქებებთან და მკვლელობებთან იქნება ასოცირებული. 

"რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინაში შედგეს დერუსიფიკაცია, თქვენ ამას აკეთებთ და ეს მოხდება ერთ თაობაში და სამუდამოდ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართ დასავლეთის სახელმწიფოებს და მათ აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, ყოველწამიერი დაგვიანება თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით ათეულობით ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. 

ამავდროულად პრეზიდენტმა მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქის დებლოკირებას უცხოეთიდან მიღებული იარაღის გარეშე, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ მოახერხებენ.

მსგავსი სიახლეები