ზელენსკის პირველი მიმართვა ომის დაწყების შემდეგ - სრული ტექსტი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
გთავაზობთ ზელენსკის ტექსტს უცვლელად:
"პატივცემულო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
რუსეთმა იერიში მიიტანა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო ტერიტორიებზე. უკრაინაში ისმის სროლები.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას ვაცხადებთ.
ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან. აშშ-მ უკვე დაიწყო უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების მზადება.
დღეს ყოველ თქვენგან სიმშვიდე მოეთხოვება. შესაძლებლობის მიხედვით, გთხოვთ, დარჩეთ სახლში. ჩვენ ვმუშაობთ. არმია მუშაობს. მუშაობს უკრაინის თავდაცვის მთელი სექტორი.
თქვენთან მუდმივ კავშირზე ვიქნებით მე, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი. მალე კვლავ გამოვალ კავშირზე.
პანიკის გარეშე ვიყოთ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველას დავამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენ - უკრაინა ვართ. გაუმარჯოს უკრაინას."
რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.
პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.
უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში.
ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.
ოდესაში და აზოვის ზღვის სანაპიროზე რუსეთის ფლოტმა სადესანტო ოპერაციები დაიწყო.
დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები.
პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები გავრცელდა, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" დახმარება მოითხოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.