ზელენსკიმ ბრიტანეთის ახალ პრემიერთან 100-წლიანი შეთანხმების მზადება განიხილა
5 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრა ბრიტანეთის ახალ პრემიერ კირ სტარმერთან. ამის შესახებ მან Telegram-ზე განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ სატელეფონო საუბარი მქონდა სერ კირ სტარმერთან, დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღეს, მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვე, რომ წარმატებით გააცნობიეროს ბრიტანელი ხალხის მოლოდინები ახალი მთავრობის მიმართ," - წერს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა სტარმერს გარანტიისთვის, რომ "ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი პრინციპში ურყევი დარჩება."
"ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებამდე პოზიციები შევაჯერეთ და ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება განვიხილეთ, მათ შორის უპრეცედენტო, 100-წლიანი შეთანხმების მომზადება უკრაინასა და ბრიტანეთს შორის." - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
კონტექსტი
ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა.
საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ 412 მანდატი მოიპოვა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ბრიტანეთის ისტორიაში. მათ თითქმის გააუმჯობესეს 1997 წელს, ტონი ბლერის ლიდერობით მიღწეული შედეგი - 418 საპარლამენტო ადგილი.
კონსერვატორებმა კი მხოლოდ 121 მანდატის მოპოვება შეძლეს. მათთან ერთად, კატასტროფული არჩევნები ჰქონდათ შოტლანდიელ ნაციონალისტებსაც, რომლებიც მხოლოდ 9 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენლი.
წარმატებული იყო არჩევნები ლიბერალ-დემოკრატებისთვის (71 მანდატი), რომლებმაც პოზიტიური კამპანია ჩაატარეს და ძალიან ბევრ ტრადიციულად კონსერვატორების მხარდაჭერით გამორჩეულ ოლქში გაიმარჯვეს.
კირ სტარმერი ბრიტანეთის ლეიბორსტული პარტიის ზომიერ, ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენს. ჯერემი კორბინის შემდეგ, პარტიის რადიკალური იმიჯის შესაცვლელად მან ყოფილი ლიდერი პოლიტიკური ძალიდან გარიცხა და პარტიაში ანტი-სემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
სტარმერი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი 5 ივლისს, მეფე ჩარლზ III-თან აუდიენციის შემდეგ გახდა.