ზელენსკიმ პაპს ჯავშანჟილეტზე დახატული ხატი აჩუქა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს, ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ Reuters წერს.

"ეს დიდი პატივია", - უთხრა ზელენსკიმ ფრანცისკეს.

შაბათს, ზელენსკი ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვდა, რომელიც უკრაინას სრულ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპრიდა.

ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია რომს და პაპთან მისი შეხვედრა 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აჩუქა, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცს ომში ეცვა და მოგვიანებით მასზე ღვთისმშობელი დახატა.

ზელენსკი ბოლოს პაპს ვატიკანში 2020 წელს შეხვდა და ომის დაწყების შემდეგ მათ რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

ომის დაწყებისას პაპი ცდილობდა დაბალანსებული მიდგომა ჰქონდა და ორ მხარეს შორის შუამავლის როლი ეთამაშა, მაგრამ მოგვიანებით რუსეთის ქმედებების მკაცრად დაგმობა დაიწყო.

პაპი ფრანცისკე ამ კვირაში ვატიკანში რუსეთის ელჩს ალექსანდრ ავდეევს შეხვდა. იტალიური გაზეთი Il Messaggero წერს, რომ ვატიკანმა შესაძლოა ელჩს ვლადიმერ პუტინისთვის წერილი გადასცა.

რომის პაპმა თქვა, რომ ვატიკანი მზად არის გააკეთოს "ყველაფერი, რაც ადამიანურად არის შესაძლებელი", რათა უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

კიევის შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში თითქმის 19 500 ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოხდა.

მსგავსი სიახლეები