ЗСУ-მ გაანადგურა მეორე მნიშვნელოვანი ხიდი, კურსკის ოპერაცია, დღე 13 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეცამეტე დღე მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კორონევოსო და გლუშკოვოს რაიონებში - ღია წყაროების ცნობებით უკრაინული ორივე მონაკვეთზე წინ მიიწევენ. 

გიყვებით უკრაინული იერიშის მეთორმეტე დღის მთავარ ამბებს.

გასული დღე-ღამის მთავარი ამბავი ЗСУ-ს მიერ გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე გადებული მეორე ხიდის განადგურება იყო. ამ რაიონში პირველი და ყველა დიდი ხიდი უკრაინულმა ავიაციამ ზუსტი დარტყმით 16 აგვისტოს გაანადგურა.

ამჯერად უკრაინელთა სამიზნეში სოფელ ზვანოეში მდებარე ხიდი აღმოჩნდა, რომლის განადგურების შემდეგაც რუსული დანაყოფების მომარაგების ერთადერთ გზად სოფელ კარიჟში მდებარე ხიდი რჩება. ამგვარად გლუშკოვოს რაიონში ბოლო ხიდის განადგურების შემთხვევაში რუსული დანაყოფები ოპერატიული ალყის საფრთხის წინაშე დგანან - რუსული წყაროების ცნობით, საუბარია 2500 ჯარისკაცზე. 

რუსი Z-ბლოგერების ცნობით, ხიდი HIMARS-ის სისტემის გამოყენებით გაანადგურეს. ხიდზე დარტყმის ვიდეოს საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშუკი. 

დღეს საბოლოოდ დადასტურდა უკრაინული დანაყოფების მიერ ამავე რაიონში ორი დასახლებული პუნქტის, აპანასიევკასა და ტროიცკოეს დაკავება. მაღალი ალბათობით უკრაინელი მებრძოლები უკვე აკონტროლებენ სოფელ კომაროვკას, რომელიც რაიონული ცენტრისგან სამხრეთით მდებარეობს. აფეთქებული ხიდის რაიონში საომარი მოქმედებების გაზრდილ ინტენსივობაზე მეტყველებს NASA-ს სატელიტური ფოტოების სითბური ანალიზი. რაიონულ ცენტრ გლუშკოვოსთან ЗСУ-ს მიახლოებაზე მეტყველებს რუსი Z-ბლოგერების მიერ გავრცელებული კადრები, რომლებზეც სპეცრაზმ ახმატის მებრძოლები ტელეფონების მაღაზიას ძარცვავენ. 

"აქ უკრაინელები ავითარებენ თავიანთ გეგმას, თუ რუსული გარნიზონის მთლიანად ალყაში მოქცევას არა, როგორც მინიმუმ დიდი ტერიტორიის დაკავების მიზნით"- წერს სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი. 

გლუშკოვოს გარდა, გაგრძელდა შეტევები კორონევოს მიმართულებით, თუმცა უკრაინის მხრიდან საინფორმაციო დუმილის ფონზე კონკრეტიკაზე საუბარი რთულია. დადასტურებულად ცნობილია ЗСУ-ს დანაყოფების ყოფნის შესახებ კორონევოს ჩრდილოეთით, სოფელ ოლგოვკასა და კრემიანოეში. 

კორონევოს მიმართულებით ЗСУ-ს შესაძლო მიახლოების შესახებ მეტყველებს დასახლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოწოდება მოსახლეობას ევაკუაციისკენ. მეტიც, მარინა დეგტიაროვა მოუწოდებს დასახლებიდან გასულ მოსახლეობას არ ეცადონ კორონევოში დაბრუნებას, მიზეზად კი "რთულ ოპერატიულ მდგომარეობას" ასახელებს. 

კორონევოს მიმართულებით, რუსული დანაყოფების რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს კიდევ ერთი Z-ბლოგერის, რომან ალიოხინის შეფასებები. მისი თქმით, უკრაინელებს ლგოვი-რილსკის დამაკავშირებელი მაგისტრალი 8-10 კილომეტრი აშორებთ.

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ კვლავ ვერ ვისწავლეთ პრევენციაზე მოქმედება. სიტუაციის გაუარესების შემდეგაც უმაღლესი ხელმძღვანელობისგან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვითარება კონტროლქვეშაა, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ ვის კონტროლქვეშაა"- წერს Z-ბლოგერი, Romanov Лайт. 

დანაკარგები

დამოუკიდებელი OSINT ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკის ოპერაციის პირველი 10 დღის განმავლობაში უკრაინამ სხვადასხვა ტიპის 51 შეიარაღება დაკარგა, მათ შორის 29 დასავლური წარმოების შეიარაღებაა. 

უკრაინის დანაკარგებს შორისაა ბრიტანული წარმოების Challenger-ის ტიპის ტანკები, Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები და ამერიკული წარმოების რეაქტიული ცეცხლის დანადგარი HIMARS. 

ჯამურად: 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 7 ჯავშანტრანსპორტიორი და 25 სხვადასხვა ტიპის შეჯავშნული მანქანა, ასევე, 2 საინჟინრო მანქანა და 2 საზენიტო დანადგარი. 

ამავე პერიოდში რუსული არმიის დანაკარგებმა ტექნიკაში 27 ერთეული შეადგინა. მათ შორისაა, 15 სატვირთო, Т-80-ის ტიპის 2 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1 ჯავშანტრანსპორტიორი და КА-52 ტიპის ვერტმფრენი. გარდა ამისა უკრაინამ ხელში ჩაიგდო ორი ახალი ტანკი და Орлан 10-ის ტიპის სადაზვერვო დრონი. 

ეს კურსკის ოპერაციის ფარგლებში მხარეების მიერ განცდილი დანაკარგების პირველი დამოუკიდებელი შეფასებაა. 

კურსკს მიღმა

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დანაყოფების გამაგრების მიუხედავად, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს წინსვლის ტემპს დონეცკის ოლქში.

რუსული წყაროების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო არმიამ პოკროვსკის მიმართულების 5 დასახლებული პუნქტი დაიკავა. გარდა ამისა, საოკუპაციო არმიის წინსვლა ფიქსირდება ვუჰლედარის მიმართულებით. 

უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, საოკუპაციო არმიამ წინ წაიწია პიშანოეში, სკუჩნოეში, მიკოლაივკაში, ზალიზნოესა, ნოვოჟელანოესა და ნეპილივციში. 

ამ დროის მონაცემებით, რუსეთის არმიამ დაიწყო ქალაქ ტორეცკის შტურმი. პრატქიკულად სრულად აკონტროლებს რუსეთის არმია სოფელ ნიუ-იორკსაც და მოსადნელია, რომ ამ მონაკვეთზე მათ პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილსაც აკონტროლებენ. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე გართულებულ მდგომარეობაზე მეტყველებს უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებაც, რომელმაც პოკროვსკის, მირნოგრადის და სელიდოვოს მოსახლეობას დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები