ЗСУ-მ გაანადგურა რუსეთის ფლოტის საპატრულო კატერი "სერგეი კოტოვი"
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად განადგურებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო კატარი "სერგეი კოტოვი."
ინფორმაციას ამის შესახებ Z-ბლოგერები გასული საათების განმავლობაში ავრცელებდნენ.
გაზეთ უკრაინსკა პრავდას ინფორმაციით, საპატრულო კატერზე თავდასხმა საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელდა და ოპერაციის უკან უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) იდგა.
რუსი Z-ბლოგერების ცნობით, შეტევაში რამდენიმე საზღვაო დრონი მონაწილეობდა, თუმცა საპატრულო კატერმა თავდასხმის მოგიერება ვერ შეძლო.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ამ საპატრულო კატერზე ნადირობდა. ეს არ არის დაუცველი გემი, რომელიც ღია ზღვაში სამიზნედ გამოკიდეს. კატერის ეკიპაჟმა იცის, როგორ მოიგერიოს თავდასხმა ის აღჭურვილია ანტიდივერსიული ყუმბარმტყორცნებით, საარტილერიო დანადგარით და 2 საზენიტო სისტემით. მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეც ვითარდება, ამბობენ, რომ ეკიპაჟი ბოლომდე გმირულად ცდილობდა შეტევის მოგერიებას, მაგრამ ამჯერად ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს"- წერს კომსომოლსკაია პრავდას სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ კოცი.
საპატრულო კატერის განადგურებას ადასტურებენ სხვა Z-ბლოგერებიც.
კონტექსტი
სოციალურ ქსელებში ვრცელდება საზღვაო ბრძოლის ამსახველი კადრებიც, რომელზეც სავარაუდოდ რუსული კატერის აფეთქების მომენტია ასახული, თუმცა ომის მდგომარეობაში ამ ვიდეოს ვერიფიცირება დამოუკიდებლად რთულია.
გასული ღამის განმავლობაში ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა ყირიმის ხიდზეც.
ეს არ არის აღნიშნულ კატერზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ღია წყაროებით ცნობილია უკრაინელთა სულ მცირე კიდევ 2 მცდელობის შესახებ.