ЗСУ-ს დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდება, კურსკის ოპერაცია, დღე 10 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეათე დღე მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში გაგრძელდება უკრაინული დანაყოფების წინსვლა ოლქის სიღრმეში, პარალელურად კი დაკავებულ ტერიტორიებზე ახალ რეალობას სამართლებრივად აწესრიგებს. 

ბრძოლები მიმდინარეობს 30 კილომეტრის სიღრმეში, ფრონტის მაქსიმალური სიღრმე რადიო თავისუფლების ინგლისური სამსახურის განახლებადი რუკის მიხედვით 60 კილომეტრს უტოლდება. 

კურსკის გუბერნატორი ადასტურებს კონტროლის დაკარგვას 28 დასახლებულ პუნქტზე, თავის მხრივ უკრაინელები ამბობენ, რომ ოლქში ისინი 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, ჯამურად 1100 კვადრატულ კილომეტრს. 

გიყვებით უკრაინული იერიშის მეათე დღის მთავარ ამბებს. 

გასული ღამით უკრაინულმა დანაყოფებმა HIMARS-ის საარტილერიო სისტემებით დარტყმა მიიტანეს, გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე გადებულ ხიდს, რომელიც ამ რაიონში რუსული დანაყოფებისთვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ არტერიას წარმოადგენს. 

საყურადღებოა, რომ ამ რაიონში უკრაინელი დანაყოფების გააქტიურების ფონზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გლუშკოვოდან სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. 

გავრცელდა ხიდზე გადაღებული ვიდეოებიც, რომელზეც ჩანს, რომ საგზაო საფარი დაზიანებული, თუმცა ხიდი მდგრადობას ინარჩუნებს. "ისინი (უკრაინელები) ხიდს კვლავ დაარტყამენ და მის განადგურებას, რათა გაართულონ ამ რაიონში ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მასალით მომარაგება"- წერს Z-ბლოგერი, რომან ალიოხინი. 

დაახლოებით ამავე რაიონში გასული 24 საათის განმავლობაში ისკანდერის სისტემების გამოყენებით გაანადგურა უკრაინული HIMARS-ის დანადგარი. 

პარალელურად გრძელდება ЗСУ-ს წინსვლა გლუშკოვოს მეზობელ კორონევოს რაიონში, რომელიც ანალიტიკოსების ცნობით, იერიშის პირველივე დღიდან უკრაინელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ რაიონში უკრაინელმა მებრძოლებმა დაიკავეს სოფელი ვნეზაპნოე. პარალელურად ბრძლები გრძელდება დასახლება სნაგოსტში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული მსხვილი ტელეგრამ არხ რიბარის ცნობით, ЗСУ ცდილობს კორონევო ალყაში მოაქციოს და უკრაინული წყაროების ცნობით, ამ მიმართულებებზე გარკვეული წინსვლაც აქვთ, თუმცა ეს ცნობები ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. პარალელურად ЗСУ ცდილობს ბელოვსკის რაიონის სოფელ ბორკიში გამაგრებასაც. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელები ცდილობენ ვარვაროვკის, საფონოვკის, შეპტუნოვკისა და კაუჩუკის რაიონებში წინსვლას - აქ მათი მთავარი მიზანი ლგოვისა და რილსკის დამაკავშირებელი მაგისტრალია. ამ დასახლებებიდან ზოგიერთი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს - ამგვარად რუსეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს უკრაინელთა წინსვლას ბოლო 24 საათში. 

საყურადღებოა, რომ კურსკის მიმართულებით იერიშში ამერიკული და ევროპული წარმოების ჯავშანტექნიკის გარდა, იყენებს რუსული წარმოების ნაალაფარ ტექნიკას. ასე მაგალითად, დადასტურებულია იერიშში რუსეთის უახლოესი Т-90-ის ტიპის ტანკის გამოყენება, რომელსაც ოპერაციაში მონაწილე უკრაინული ძალების საიდენტიფიკაციო ნიშანი (სამკუთხედი) აქვს. აღნიშნული ტანკები რუსეთის არმიამ შეიარაღებაში 2020 წელს მიიღო. გარდა ამისა უკრაინელმა მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს Т-80БВМ-ის ტიპის ახალი ტანკიც. 

კურსკის პარალელურად უკრაინული არმია ცდილობს საომარი მოქმედებების ზონის გაფართოების მეზობელ, ბელგოროდის ოლქშიც. მასირებული საარტილერიო დრონებისა და საარტილერიო შეტევის შედეგად უკრაინელებმა შეძლეს საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, კოლოტილოვკას დაკავება. ბრძოლები გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის რუსი Z-ბლოგერების ცნობით, საოკუპაციო არმიამ შეძლო უკრაინელების განდევნა. უკრაინული წყაროები ამ საკითხზე საოპერაციო დუმილს ინარჩუნებენ. 

საზღვრისპირა ზოლში ვითარების გაუარესების ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადა. ანდრეი ბელოუსოვის ცნობით, საბჭოს მთავარი მიზანი საფრთხის ზრდის შემთხვევაში სამხედრო დანაყოფების კონტინგენტის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა იქნება. ამასთანავე, ბელოუსოვის ცნობით, საბჭოს არ ექნება ოპერატიული დანიშნულება და საომარ მოქმედებებს კვლავ ჯარების ჩრდილოეთ დაჯგუფება უხელმძღვანელებს. 

ტყვეები

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის მებრძოლებმა კურსკის ოლქში დაიკავეს რუსების ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი. მხოლოდ ამ 1 ოპერაციის ფარგლებში ტყვედ ჩავარდა 102 რუსი სამხედრო. უკრაინული წყაროების ცნობით, საუბარია რუსეთის 488-ე მოტო-მსროლელი პოლკისა და სპეცრაზმ ახმატის ჯარისკაცებზე.

პარალელურად ვრცელდება რუსი ჯარისკაცების დატყვევების ამსახველი სხვა ვიდეოებიც, რომელთა გადაღების თარიღი და ადგილი ჯერჯერობით არ არის ვერიფიცირებული. 

უკრაინული წყაროების ცნობით, ჯამურად კურსკის ოპერაციის ფარგლებში ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების რიცხვი 1000-ს უახლოვდება. 

ამ ფონზე რუსეთის ომბუდსმენმა ტყვეების გაცვლის შესახებ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო. 

უკრაინული წყაროების ცნობით, ქვეყანა შეეცდება კურსკში დატყვევებული სამხედროები "ყველა ყველაზე" ფორმულით გაცვალონ. მოსალოდნელია, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტი მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილი აზოვის 800-მდე მებრძოლის გათავისუფლება იქნება, რომელზეც რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობდა.  

ახალი რეალობის ფიქსირება 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტის კურსკის ოლქში სამხედრო კომენდატურის შექმნის შესახებ მოახსენა. 

"კურსკის ოლქში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძალების გამოვლენა და განადგურება, ქალაქ სუჯასა და კიდევ 3 დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგისა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად შექმნილია სამხედრო კომენდატურა, ხელმძღვანელად დანიშნულია გენერალ-მაიორი, ედუარდ მოსკალიოვი",- ნათქვამია სირსკის განცხადებაში. 

 

პარალელურად უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა კურსკიდან ე.წ. უსაფრთხოების კორიდორების ორგანიზების შესახებ გამოაცხადა. ვერეშუკის თქმით, უსაფრთხოების კორიდორები იმოქმედებს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით, საომარი მოქმედებების ზონაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 

ამ ფონზე ქალაქ კურჩატოვზე საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო. მისი თქმით, კურსკის ატომური ელექტროსადგური საშტატო რეჟიმში მუშაობს და ახალი რეაქტორების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა თავდაპირველი გრაფიკით მოხდება. საყურადღებოა, რომ კურჩატოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 

საომარი მოქმედებების ზრდის პარალელურად რუსეთი ინტენსიურად აშენებს ახალ თავდაცვით ზღუდეებს, როგორც ლგოვის, ასევე ქალაქ კურჩატოვის გასწვრივ. სანგრებისა და ბლინდაჟების სათხრელად საჭირო მუშა ხელს კი ინტენერნეტ პლატფორმებზე ეძებენ. 

მსგავსი სიახლეები