ЗСУ-ს წინსვლა კრიტიკული მიმართულებით, კურსკის ოპერაცია, დღე 12 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეთორმეტე დღე მიმდინარეობს. უკანასკნელ 24 საათში უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევა მიმართული იყო შეტევის ძირითად მიმართულებასა და უკვე დაკავებულ პოზიციების გამაგრებაზე. 

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინელმა მებრძოლებმა გასულ 24 საათში კიდევ რამდენიმე სოფელი დაიკავეს, მათ შორის გლუშკოვოს რაიონში. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინული არმიის წინსვლა კურსკის ოლქში გრძელდება, ხოლო პლაცდარმი მაგრდება.

გიყვებით უკრაინული იერიშის მეთორმეტე დღის მთავარ ამბებს.

უკრაინული არმიის იერიშის მთავარი ძალისხმევა გასულ 24 საათში რაიონულ ცენტრ კორონევოსკენ იყო მიმართული. კორონევო სუჯასა და რილსკს შორის მდებარე დასახლებული პუნქტია, რომელიც ქალაქებს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. 

კორონევო უკრაინელთა იერიშის დასაწყისიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო - რუსული წყაროების ცნობით, აქ მათ წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ქვეითი დანაყოფები მოქმედებენ. პირდაპირი შტურმის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უკრაინელები გასულ დღეებში კორონევოს ალყაში მოქცევას ცდილობდნენ და უკრაინული წყაროების მიხედვით გასულ 24 საათში მნიშვნელოვანი წინსვლაც აქვთ. 

კორონევოსთან უკრაინული დანაყოფების წინსვლის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, დასახლებულ პუნქტში მოქმედმა რუსულმა დანაყოფებმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ დასახლებაში უკრაინელები არ იმყოფებიან. 

მიუხედავად ამისა, Z-ბლოგერების ნაწილი კორონევოს დასავლეთით უკრაინული დანაყოფების წინსვლის შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ წერენ ოპერაციაში ჩართული უკრაინული დანაყოფების ტელეგრამ რესურსებიც

უკრაინელთა საინფორმაციო დუმილის ფონზე საომარი მოქმედედებისა და რომელიმე არმიის წინსვლის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად ვერიფიცირება ჯერჯერობით შეუძლებელია. 

დადასტურებით ცნობილია უკრაინელთა მიერ გლუშკოვოს რაიონში 2 სოფლის დაკავების შესახებ, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ხიდის განადგურება მდინარე სეიმზე. საუბარია აპანასიევკასა და ბიახოვოზე. ამავე რაიონში გაგრძელდა უკრაინელთა შეტევები კომაროვკასა და ტროიცკოეს მიმართულებით.

"ამგვარად მოწინააღმდეგის იერიში გლუშკოვოს რაიონში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვითარდება. ვითარება მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი"- წერს Z-ბლოგერი, იური პოდოლიაკა. 

გლუშკოვოს რაიონში უკრაინელთა წინსვლაზე მეტყველებს ცნობები ამ რაიონში მოქმედი რუსული დანაყოფების "ორგანიზებული უკან დახევის" შესახებ. Z-ბლოგერ военные осведомитель-ის ცნობით, უკან დახევის აუცილებლობა ЗСУ-ს მიერ მნიშვნელოვანი ხიდის განადგურების შემდეგ დადგა. 

"ჩვენი დანაყოფები ამ რაიონში ძალიან წამგებიან ალყაში აღმოჩნდნენ - ერთის მხრივ მდინარესა და მეორეს მხრივ უკრაინის საზღვარს შორის. ამგვარად, უკან დახევა გამართულებულია"- წერს Z-ბლოგერი. 

Planet Labs-ის მიერ განადგურებული ხიდის არეალის სატელიტური ფოტოებზე ჩანს ახალი დროებითი გადასასვლელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა არმიამ შეძლო პონტონური გადასვლელის ორგანიზება. 

სავარაუდოა, რომ თავად დასახლებული პუნქტი გლუშკოვო ჯერ კიდევ რუსეთის არმიის კონტროლქვეშაა. ღია წყაროების მიხედვით, რაიონში ჯერ კიდევ ფუნქციონერებს მდინარე სეიმზე გადებული 2 ხიდი, რომლებიც Z-ბლოგერების აზრით, მომდევნო დღეებში უკრაინელთა მთავარი სამიზნე იქნება. 

კურსკის ოლქში რუსეთის ახალი თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შესახებ წერს OSINT ანალიტიკოსი, ბრედი აფრიკი. 

კურსკში უკრაინელთა იერიშის პარალელურად დონეცკის ოლქში წინსვლის ტემპს ინარჩუნებს საოკუპაციო არმია. უკრაინული OSINT ანალიტიკური ცენტრის, Deep State-ის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში 4 დასახლებული პუნქტი დაიკავა.

ბრძოლები ფაქტობრივად ქალაქ ტორეცკის მიმდინარეობს, საოკუპაციო არმია სწრაფად უახლოვდება ქალაქ პოკროვსკსაც, რომლის ხელისუფლებამაც 15 აგვისტოს მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი დობრიაკის თქმით, რუსული არმია ქალაქიდან 10 კილომეტრში იმყოფება. 

ტყვეები

გასულ 24 საათში უკრაინულმა წყაროებმა კურსკის ოლქში რუსი სამხედროების დატყვევების ახალი კადრები გაავრცელეს. რეალპოლიტიკას მიერ ვერიფიცირებულ კადრებში დაახლოებით 40 ჯარისკაცი ჩანს. მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია სპეცრაზმ ახმატის ერთ-ერთი დანაყოფის ასეულის მეთაურის დატყვევების შესახებ. 

Washington Post-ის ცნობით, რომლის ჟურნალისტემაც რუსი სამხედრო ტყვეების ერთ-ერთ საპატიმროში მოხვედრა შეძლეს, მხოლოდ ერთ დაწესებულაში გასული 10 დღის განმავლობაში ჯამურად 320 ახალი ტყვე მიიღეს. 

ანალიზი

კურსკში ოლქში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების განდევნისთვის რუსეთის 20-ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი, გამოცდილი სამხედრო შენაერთი დასჭირდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ დასავლელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემის წყაროების მიხედვით, კურსკში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების შესაჩერებლად რუსეთმა ოლქში 5 ათასი სამხედრო გადაისროლა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი რუსეთის ტერიტორიიდან ЗСУ-ს განდევნისთვის. 

გაზეთის წყაროს ცნობით, გასულ დღეებში რუსეთის გენერალურმა შტაბმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებიდან რამდენიმე არასრული ბრიგადი გადაისროლა კურსკში - ერთ-ერთი ბრიგადა მანამდე რუსეთისთვის პრიორიტეტულ დონეცკის მიმართულებით მოქმედებდა, ხოლო დანარჩენები ფრონტის ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაკვეთებიდან. 

WSJ-ის ცნობით, კურსკში ჯამურად ЗСУ-ს 6 ათასი მებრძოლი მოქმედებს, ხოლო კიდევ 4 ათასი სამხედრო მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფას სუმის ოლქიდან ახერხებს. კურსკში გაგზავნილი დანაყოფების დიდი ნაწილი წყაროს ცნობით, უკრაინამ რეზერვებიდან ამოოქმედა და სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა ნაკლებად ჩაერთო ოპერაციაში ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოქმედი ბრიგადები, რათა კიდევ უფრო არ გაერთულებინა ისედაც საკმაოდ მძიმე ვითარება. 

გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების რიცხვონების, გამოცდილებისა და აღჭურვის გათვალისწინებით, რუსეთს 20-ათასიანი გამოცდილი და კარგად აღჭურვილი სამხედრო შენაერთი დასჭირდება. 

ღია წყაროების მიხედვით, კურსკში მყოფი უკრაინული დანაყოფების გასანეიტრალებლად რუსეთმა უკვე მოცულობითი რეზერვები გადაისროლა, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წვევამდელებითაა დაკომპლექტებული. 

გარდა ამისა, ცნობილია კურსკში სამხრეთ ოსური და აფხაზური სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების გადასროლის შესახებ, რომლებიც გასულ თვეებში დონეცკის ფრონტზე მოქმედებდნენ. 

კურსკში გადასროლილ დანაყოფებს შორის არიან ბელგოროდში დაბანაკებული ფორმირებები. ასევე, ცნობილია ხერსონიდან და ზაპორიჟიის ოლქიდან მოხსნილი 155 და 810 საზღვაო ბრიგადების შესახებ. 

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია მაღალი რისკის შემცველად მიაჩნია - დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული ანალიტიკური სამსახურის (RUSI) მკვლევარს, ჯეკ უოტლინგს, რომელიც პერიოდულად სტუმრობს ფრონტის ხაზს. 

Guardian-ის სვეტში უოტლინგი წერს, რომ ოპერაციის პოლიტიკური ლოგიკა, მოკლევადიანი წარმატება გასაგებია, თუმცა ფრონტზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კურსკის ოპერაცია უკრაინულ არმიას გრძელვადიანი გამოწვევებს უქმნის. 

უოტლინის თქმით, ამ დრომე უკრაინული არმია კურსკში ტაქტიკურად წარმატებულია, "მაგრამ წმინდა სამხედრო წარმატების თვალსაზრისით გეგმას სერიოზული შეზღუდვები აქვს." უოტლინგის თქმით, უკრაინელების შემდგომი წინსვლა გაართულებს ლოჯისტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებული პოზიციების შესანარჩუნებლად მათ საფორტიფიკაციო ნაგებობისა და თავდაცვის ზღუდეების შენება უკვე უნდა დაიწყონ. 

"როგორც კი ფრონტი დაკარგავს დინამიურობას თავდაცვის ზღუდეებს ააგებენ რუსებიც, თავს მოუყრიან საარტილერიო დანადგარებს, რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილებებსა და ახალ დანაყოფებს. რუსეთს აქვს საკმარისი რესურსები გააგრძელოს ბრძოლა ორივე ფრონტზე, დონეცკსშიც და კურსკშიც, მაშინ როდესაც უკრაინის რესურსები მნიშვნელოვნად შეზღუდულია"- წერს უოტლინგი. 

კურსკში თავისი ოპერატიული რეზერვების ჩართვით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ფრონტის ხაზზე ახალი ხვრელების გამოჩენით რისკავს - წერს უოტლინგი. "უკრაინელებს ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ რუსეთის სადაზვერვო დრონების და მართვადი საავიაციო ბომბებისგან მომვალი საფრთხე, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას გააგრძელოს წინსვლა პოკროვსკის, ტორეცკისა და ჩასოვ იარის კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე."

უოტლინგის თქმით, უკრაინელებისთვის საუკეთესო სცენარი შემდეგნაირად გამოიყურება: ЗСУ მაგრდება კურსკში, რუსეთი თავს გრძნობს იძულებულად ნებისმიერ ფასად განდევნოს უკრაინული არმია საკუთარი ტერიტორიიდან და ამ პროცესში დისპროპორციულად დიდ დანაკარგებს განიცდის. 

"მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ უკრაინული რესურსების გაწელვის პარალელურად იზრდება შანსი, რომ რუსები უკრაინულ ფრონტზე ახალ სუსტ წერტილებს იპოვნიან და გააგრძელებენ წინსვლას",- წერს უოტლინგი. 

ანალიტიკოსის შეფასებით, კურსკის ოპერაციის წარმატება განსაზღვრული იქნება არმიების გამოფიტვის მაჩვენებლით. 

მსგავსი სიახლეები